მამარდაშვილი ეროვნული ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელად, ქოჩორაშვილი კი საუკეთესო დებიუტანტად დასახელდა

მამარდა ქოჩორა

საქართველოს ეროვნული ნაკრების 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი გახდა. გიორგი ქოჩორაშვილი კი საუკეთესო დებიუტანტად დასახელდა – ასეთია გაზეთ „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვის შედეგები.

გიორგი ქოჩორაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად 2023 წლის სექტემბერში ითამაშა და მას შემდეგ გუნდის შეუცვლელ მოთამაშედ იქცა. მან „ჯვაროსნების“ ფორმით ჩატარებულ 14 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

ქოჩორაშვილი მონაწილეობდა ევრო 2024-ის პლეი ოფის ორივე მატჩში, 2024 წლის 26 მარტს საბერძნეთის წინააღმდეგ პენალტების სერიაში პირველი დარტყმა შეასრულა.

ზაფხულში გიორგიმ საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ის ყველა მატჩი ჩაატარა. პირველ მატჩში თურქეთთან, 32-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი გოლი მისი გადაცემით გაიტანა.

გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლიდან გამოდის. 2024 წლის 26 მარტს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალში, საბერძნეთთან პენალტების სერიაში მამარდაშვილმა ბერძენთა გუნდის კაპიტნის, ანასტასიოს ბაკასეტასის დარტყმული პენალტი მოიგერია, რამაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ქართველი ფეხბურთელების საბოლოო წარმატებაში.

გიორგიმ ევროპის ჩემპიონატზეც მაღალ დონეზე ითამაშა. მამარდაშვილი რამდენიმე გამოცემამ და ანალიტიკურმა ვებგვერდმა ტურნირის საუკეთესო მეკარედ აღიარა. შედეგად, transfermarkt-მა ქართველი მეკარის შეფასება 45 მილიონ ევრომდე გაზარდა.

მამარდაშვილმა 2023-24 წლების სეზონში „ვალენსიის“ მაისურით ლა ლიგაში 38-დან 37 შეხვედრა ჩაატარა, ერთი მატჩი „ბარსელონასთან“ მიღებული წითელი ბარათის გამო გამოტოვა. გიორგიმ 13-ჯერ შეძლო კარის „მშრალად“ შენახვა და, რამდენიმე ვერსიით, ლა ლიგის საუკეთესო მეკარედ აღიარეს.

გაზეთი „სარბიელი“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს 1993 წლიდან ასახელებს. გამოკითხვა სპორტულ ჟურნალისტებს შორის ტარდება. წელს გამოკითხვაში 86 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა.

წლევანდელი გამოკითხვა 2023 წლის აგვისტოდან ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა.