„ფეისბუკიდან“ აღებული 120 ფოტო, რომელიც 23 წლის ბიჭის საფლავზე ჩამარხული იპოვეს - შემთხვევა აჭარაში მოხდა

საფლავი

საფლავებში ჩამარხული ცოცხალი ადამიანების ფოტოები - ბოლო რამდენიმე თვეა, სხვადასხვა სოფელში ადამიანები უშედეგოდ არკვევენ ვინ და რა მიზნით ჩამარხა საფლავში მათი სურათები. მორიგი ასეთი უჩვეულო შემთხვევა აჭარაში, სოფელ ნაკაიძეებში მოხდა.

ახალგაზრდა კაცის საფლავზე, სრულიად შემთხვევით მიწაში ჩამარხული 120 ფოტო აღმოაჩინეს. ყველა ცოცხალი ადამიანია, სურათები სავარაუდოდ სოციალური ქსელიდან არის აღებული.

ამ ამბავს, ზოგმა იუმორით შეხედა, ზოგიერთისთვის კი საფლავში საკუთარი ფოტოს ნახვა შოკის მომგვრელი აღმოჩნდა.

შვილიშვილის სასაფლაოზე ყოველდღე დადის, თუმცა ერთ დღეს იქ მისულს უჩვეულო სურათი დახვდა. 23 წლის ბიჭის საფლავზე, 100-ზე მეტი ცოცხალი ადამიანის ფოტო დაინახა. იქვე იპოვა მიწით დასვრილი დანაც, რომელიც მაგიდაზე იყო დატოვებული.

სულიკო სურმანიძე გვიყვება, რომ ფოტოსურათები მათზე გამოსახული პირების ფეისბუქ ალბომებიდან იყო ამოღებული და შემდეგ დაბეჭდილი. თუმცა ჭირისუფალმა საფლავში ჩამარხულ ფოტოსურათებზე ოჯახის წევრები ვერ ამოიცნო, ამიტომაც მისთვის კიდევ უფრო გაუგებარი გახდა, რატომ შეარჩიეს მისი შვილიშვილის სასაფლაო.

უცნაური ამბავი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკაიძეებში მალევე გავრცელდა. სასაფლაოდან სოფლამდე ფოტოსურათები გარდაცვლილი ბიჭის მეგობრებმა ჩაიტანეს და მათზე აღბეჭდილი ადამიანების იდენტიფიცირება დაიწყეს. ადგილობრივებმა საკუთარი თავი, ოჯახის წევრები, ახლობლები, მიმდებარე სოფლის მაცხოვრებლებიც კი აღმოაჩინეს. მომხდარი სამართალდამცავებსაც აცნობეს.

ზაური ერთ-ერთია, ვისი “ფესიბუკ“ პროფილიდან ამოღებული ფოტოც საფლავში ჩამარხეს. მომხდარს ვერც შურისძიებას უკავშირებს.

ამ ამბავმა ზოგი შეაშინა, ზოგმა შურისძიებას დაუკავშირა, ზოგმაც - მისტიკას. იმ დღის შემდეგ სოფელში არაერთი ვერსია გავრცელდა. დამნაშავეს დიდხანს ეძებდნენ, თუმცა მის კვალს მაინც ვერსად მიაკვლიეს. საფლავში ნაპოვნი ფოტოსურათების ნაწილი მალევე დაწვეს, ნაწილი წყალში გადაყარეს.

სოფელ ნაკაიძეების სასაფლაო ერთადერთი არ არის, სადაც მიწაში ცოცხალი ადამიანების ფოტოსურათები ჩამარხეს.

რამდენიმე დღის წინ ქუთაისში, “მწვანე ყვავილას“ პანთეონში, სამ სხვადასხვა საფლავში ფოტოებთან ერთად ბოქლომებიც იპოვეს. სცენარი აქაც იდენტურია. ერთ-ერთ სასაფლაოზე გარდაცვლილის ოჯახმა შეამჩნია, რომ მიწა უსწორმასწოროდ იყო, შემდეგ კი საფლავში 20-მდე ადამიანის სურათი და ბოქლომები ნახეს.

გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ფოტოსურათებზე აღბეჭდილი ადამიანები ქუთაისში ცნობილი ადამიანები არიან. ვინ ან რა მიზნით დამარხა პანთეონში სურათები, ამ დრომდე არავინ იცის.