1731614151
გივი თარგამაძის განცხადებით, არ სჯერა, რომ 2016 წელს მასზე თვალთვალის დავალება მიხეილ სააკაშვილისა და გია ლორთქიფანიძისგან გაიცა
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატი გივი თარგამაძე მისი მკვლელობის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
თარგამაძის განცხადებით, არ ეთანხმება პროკურატურის მიერ გახმაურებულ ვერსიას 2016 წელს თავისი ავტომანქანის აფეთქების შემკვეთთან დაკავშირებით. როგორც გივი თარგამაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, შოთა ჭიჭიაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირებული იყო და 2016 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესთან, გია ლორთქიფანიძესთან და მიხეილ სააკაშვილთან უკრაინაში შეხვედრაზე ვერ იქნებოდა. თარგამაძეს არ სჯერა, რომ 2016 წელს მასზე თვალთვალის დავალება ლორთქიფანიძისგან და სააკაშვილისგან გაიცა.
ამასთან, თარგამაძეს ეჭვი არ ეპარება თავისი მანქანის აფეთქებაში ჭიჭიაშვილის, დარჩო ხეჩუაშვილისა და ვინმე დიმას კავშირზე, თუმცა ამბობს, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოქმედებდნენ. როგორც გივი თარგამაძემ განაცხადა, ჭიჭიაშვილი ღარიბაშვილის სიმამრთან, თამაზ თამაზაშვილთან იყო შეკრული და, თარგამაძის თქმით, დაკვეთა „ოცნებისგან“ მოდიოდა. თარგამაძე მიიჩნევს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე „ოცნებას“ საზოგადოებაში შიშის დასათესად სჭირდებოდა ოპოზიციონერი დეპუტატის აფეთქება.
შეკითხვაზე, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ფიქრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეუკვეთა მისი აფეთქება, თარგამაძე აცხადებს, რომ მტკიცებულებები პროკურატურას მიაწოდა.
„ოცნებას“ ასეთი ვერსია შეუძლია მიყიდოს თავის ყველაზე გონებაშეზღუდულ მხარდამჭერებს, თეთრი ძაფითაა ნაკერი ყველაფერი. ხეჩუაშვილი სამართალდამცველებს როდესაც ჩაბარდა, მე „ფეისბუქზე“ დავწერე, რომ გასაგებია, შეჰპირდნენ, მალე გამოუშვებენ, ფულს მისცემენ და იტყვის, სააკაშვილმა დაავალა. სასაცილოა, ადამიანი, რომელიც დამტკიცებულია, რომ ამაფეთქა, ახლა ჩამოაქვეითეს მეთვალთვალის სტატუსით, აბა, სხვანაირად როგორ გამოუშვან ციხიდან. სხვა ჯგუფმა ამაფეთქა თურმე. მოუწევთ თქვან, რომ სააკაშვილმა ასაფეთქებლად სხვა ჯგუფი დაიქირავა. ცინიკურია, თითქოს ჭიჭიაშვილს შეხვდნენ სააკაშვილი და ლორთქიფანიძე. ჭიჭიაშვილი ოდესაში ორჯერ იყო ჩასული ლორთქიფანიძის მოსაკლავად, არ გამოუვიდა, შემდეგ კიევში ჩავიდა იმავე მისიით და უკრაინელმა სამართალდამცველებმა ლიკვიდაცია მოახდინეს“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.
დღეს საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა: „სააკაშვილი არ ენდობოდა გივი თარგამაძეს, ამიტომ 2016 წელს მისი კონტროლი და თვალთვალი დაავალა შოთა ჭიჭიაშვილს, რომელმაც საქმეში, თავის მხრივ, დარჩო ხეჩუაშვილი ჩართო“.