კვარაცხელიას ტრანსფერი დაუფასდა - „ნაპოლის“ დირექტორი საუკეთესო საკლუბო მენეჯერებში დაასახელეს

კვარაცხელია

მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეული ფიგურების ტრადიციულ დაჯილდოებაზე (Globe Soccer Awards 2022) „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი ქრისტიანო ჯუნტოლი მსოფლიოს საუკეთესო საკლუბო მენეჯერებში დაასახელეს, ამაში კი იტალიური მედიის მტკიცებით, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.

სპორტული დირექტორების ნომინაციაში გამარჯვებულებად პაოლო მალდინისა („მილანის“ ტექნიკური დირექტორი) და ფრედერიკ მასარას („მილანის“ სპორტული დირექტორი) დუეტი დაასახელეს, რომლებმაც „ნაპოლის“ მენეჯერს, კრისტიანო ჯუნტოლის აჯობეს.

ჯუნტოლიზე კომენტარი გააკეთა კლაუდიო ონოფრიმ, ვეტერანმა იტალიელმა მოთამაშემ და საფეხბურთო მენეჯერმა, რომელიც ამჟამად ცნობილი საფეხბურთო კომენტატორია. მისი თქმით, „ნაპოლის“ სპორტული დირექტორის ერთ-ერთი ბოლო წარმატება ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი იყო.

„არ მიკვირს, კრისტიანო ჯუნტოლი რომ გამოარჩიეს. როცა ის მოთამაშეებს იწვევს, ეს ყოველთვის გარანტიაა – ჯუნტოლის აყვანილი 100 მოთამაშიდან 99 იმედებს ამართლებს. მაგალითად, წელს კვარაცხელია და კიმი დაიმატა და კვლავ სწორად გამოიცნო“.