„კარგია, სანიოლი რომ დარჩა, ევრო 2024-ის შემდეგ მისი გადაბირება ბევრს სურდა“ - კახა ცხადაძე

კახა ცხადაძე

კახა ცხადაძემ პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ნაკრების მოახლოებულ თამაშებზე ისაუბრა. „ჯვაროსნების“ ყოფილმა კაპიტანმა გუნდის განვლილი თამაშებიც შეაფასა.

„ოქტომბერში წაგებას თავისი მიზეზები ჰქონდა. ყველა ნაკრებშია შეუცვლელი მოთამაშე, ჩვენ კი ალბანეთთან ქოჩორაშვილი დაგვაკლდა. შესაძლოა, მოსაგები შეხვედრები არ გვქონდა, მაგრამ წასაგებიც არ იუო, განსაკუთრებით ალბანეთთან, ამას თამაშიდან გამომდინარე ვამბობ.

ფეხბურთში ხდება, როცა დაუმსახურებლად აგებ. შესაძლოა, უკრაინასთან მოსაგები არ იყო, მაგრამ მარცხსაც ნამდვილად არ ვიმსახურებდი. მეორე მომენტია – ჩვენს ნაკრებს ძალიან სწრაფი აღმასვლა ჰქონდა, გუნდმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, სადაც თავისი სახე აჩვენა.

აღმასვლის შემდეგ ჩავარდნებიცაა, თუმცა ეს იმისთვისაა, რომ ნაკრები უფრო გაძლიერდეს და შემდეგ თამაშებზე უკეთესად გამოიყურებოდეს. ეს გაჩერება, უკუსვლასაც კი არ ვიტყვი, შესაძლოა, იმისთვის გჭირდებოდა, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ.

ევრო 2024-ზე პორტუგალიასთან მოგებამ გუნდს თავდაჯერებულობა შემატა და ერთა ლიგის პირველი ორი მატჩი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარეს. 4 გოლი გატანა პატარა ამბავი არაა ჩეხეთთან, რომელიც კარგი დაცვით გამოირჩევა.

ახლა ამ გუნდის ყველაზე დიდი წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა იქნება, რადგან ბიჭებმა ჩვენ ეს ამბიცია გაგვიჩინეს. არ გამოვრიცხოთ ისიც, რომ შეიძლება ერთა ლიგა გამოყენებული იყოს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წარმატებულად ჩატარებისთვის.

მაგრამ, ვილის არ აქვს საშუალება, როტაცია განახორციელოს. მაგალითად, ქოჩორაშვილმა თამაში ყვითლების გამო გამოტოვა და ექსპერიმენტები ჩაატარა. ამავე დროს, არის შანსი, ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ, გულშემატკივრებს ეს მოთხოვნაც აქვთ. სანიოლმა თან ექსპერიმენტები უნდა ატაროს და თან შედეგი აჩვენოს, ეს ძნელია და ხელს უშლის.

დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სანიოლის გადაბირება ბევრს სურდა. მან ყველაზე მთავარი და სწორიო ის გააკეთა, რომ ჩვენი ფედერაციის წარმატებულ გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, ეს ჩვენთვისაც კარგია და წარმატებები უნდა ვუსურვოთ“, – განაცხადა ცხადაძემ.