ვინ იქნება საქართველოს პირველი ლედი
1732709039
დემეტრე ჯიჯელავა ჯერ მხოლოდ 10 წლისაა, მისი გული კი მთლიანად ფეხბურთს ეკუთვნის. დემეტრე საქართველოს ეროვნული ნაკრების პატარა გულშემატკივარია, მისი გმირები კი ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც ქართულ ფეხბურთს მსოფლიო აღიარება მოუტანეს და საზოგადოებას ფეხბურთი შეაყვარეს. პატარა ფეხბურთელი სპორტით 3 წლის წინ დაინტერესდა და ვარჯიში საფეხბურთო სკოლა „გრანდში“ დაიწყო. დღეს, ნახევარდაცვის პოზიციაზე თამაშობს.
აფხაზეთიდან წამოსული მშობლების შვილი, რომელიც თბილისში დაიბადა და გაიზარდა, ახდენილ ოცნებასა და მიზნებზე გვესაუბრება.
ფეხბურთისადმი სიყვარული და კუმირი
დემეტრე ჯიჯელავა: „ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია და სამი წლის წინ მივხვდი, რომ ეს ჩემი ცხოვრების ნაწილი უნდა გამხდარიყო. ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ ჩვენი ნაკრების. ყველა ფეხბურთელი ძალიან მიყვარს, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფდი ხვიჩა კვარაცხელიას. ხვიჩა არის ჩემთვის ნომერ პირველი, როგორც მოთამაშე და როგორც პიროვნება. მომწონს მისი ყველა თვისება, როგორი მიზანდასახულია, შრომისმოყვარე, მეგობრული და ძალიან უბრალო. ყოველთვის ვუყურებ ყველა მის თამაშს და ვგულშემატკივრობ. მახსოვს, უკრაინასთან მატჩში, როგორ ამხნევებდა ქოჩორას. ეს თვისებები ყოველთვის ლიდერს ხდის მას“.
ახდენილი ოცნება
დემეტრე ჯიჯელავა: „ჩემი ოცნება იყო კვარასთან შეხვედრა და ამ ზაფხულს ოცნება ამიხდა. იტალიაში მიფრინავდა, როცა მას შევხვდი. ამ ემოციების სიტყვებით გადმოცემა ცოტა რთულია. როდესაც მივუახლოვდი თავი ვერ შევიკავე და ამეტირა. ჩამეხუტა და მითხრა: „ხომ მაგარი ბიჭი ხარ, ჩემი ხათრით არ იტიროო“. მეგონა ჩემს გარშემო სამყარო გაჩერდა. წლების წინ ზუსტად ასე შეხვდა პატარა ხვიჩა თავის კუმირს რონალდოს, ახლა კი მე ვიდექი მის წინ. ამის ამსახველი ვიდეოკადრებიც არსებობს, რომელიც სოციალურ ქსელში ძალიან დიდი სისრაფით გავრცელდა. უამრავმა საიტმა და ჯგუფმა გამოაქვეყნა, მათ შორის, ნაპოლის ჯგუფშიც. ამ ვიდეომ პოპულარობა მომიტანა. თითქოს ისტორია განმეორდა. ეს იყო ჩემთვის მოტივაცია და კიდევ უფრო მეტად დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა. როგორც კი გამოვძებნი დროს ეგრევე მივდივარ სტადიონზე სავარჯიშოდ. ვცდილობ, ყველაფერში კვარას მივბაძო.
ძალიან მიხარია, რომ ქართული ფეხბურთი ასე განვითარდა და ჩემი თაობის ბავშვებს გვაქვს მეტი შესაძლებლობები. ბევრი ჩემი მეგობარი დადის ფეხბურთზე და ფეხბურთისადმი ასეთი სიყვარული ჩვენი ბიჭების დამსახურებაა. მათ მოახერხეს და დიდსა თუ პატარას, ყველას შეაყვარეს ფეხბურთი. არასდროს დამავიწყდება ის ემოციები, როდესაც ევროპაზე გავედით. უამრავი ბედნიერი წუთები მოგვანიჭეს ჩვენმა ბიჭებმა. ყველა ძალიან მიყვარს, მიყვარს მათი გუნდურობა, მხარში დგომა და ერთმანეთის გამხნევება. ასევე, მინდა გამოვყო ბუდუ ზივზივაზე და ნიკა კვეკვესკირი. ამ ზაფხულს მქონდა ბედნიერება შევხვედროდი ბუდუს. უკარგესი ადამიანი და მჯერა, რომ ჩვენი ბიჭები კიდევ უამრავ ბედნიერ წუთებს მოგვანიჭებენ. მე კი, როგორც პატარა ფეხბურთელი, ვეცდები, მათგან ავიღო მაგალითი“.
მიზნები
დემეტრე ჯიჯელავა: „წარმატების მისაღწევად აუცილებელია ბევრი შრომა, ამიტომ ბევრს ვვარჯიშობ. ასევე, დავდივარ ფეხბურთის ინდივიდუალური მომზადების ცენტრში. აქვე, მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს მწვრთნელებს გიორგი შეროზიას და აკაკი ქილიფთარს. მადლობა მათ ყველა იმ წუთისთვის, რასაც მე მითმობენ. აუცილებლად შევეცდები, გავამართლო თქვენი იმედები და რომ გავიზრდები, ვეცდები, მეც შევიტანო მცირეოდენი წვლილი ქართულ ფეხბურთში. ჩემი ოცნებაა, ვითამაშო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში“.
რჩევა თანატოლებისთვის
დემეტრე ჯიჯელავა: „არასოდეს დანებდეთ, აუცილებლად ბევრი იშრომეთ, როგორც ხვიჩა ამბობს, უფლის იწამეთ და ყველაფერს მიაღწევთ!“