ესპანეთის ნაკრების ბევრ ფეხბურთელს ვიცნობ და მათ წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება მაქვს - გიორგი მამარდაშვილი

გიორგი მამარდაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლასა და ესპანეთთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა:

„ყოველდღიურად ვშრომობდი, რომ ევროპის ჩემპიონატზე მაღალ დონეზე მეთამაშა. ბედნიერი ვარ, გუნდს წარმატების მიღწევაში ცოტათი მაინც თუ დავეხმარე. ვნახე, რაც ხდებოდა თბილისში პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ – სასიამოვნოა, რომ კიდევ ერთხელ შევძელით გულშემატკივრების გახარება.

ესპანეთის ნაკრები გამორჩეული გუნდი და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია, რომელსაც მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს. ბევრ მათგანს ვიცნობ და მათ წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება მაქვს. ვეცდებით, რომ ესპანეთთან შეხვედრაც კარგად ჩავატაროთ, ყველაფერს გავაკეთებთ კიდევ ერთი სასწაულის მოსახდენად“, – განაცხადა მამარდაშვილმა.საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალურ შეხვედრაში ესპანეთს 30 ივნისს, კიოლნში დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.