„ჩემთვის 100%-ით თამაშგარე იყო... მსაჯმაც, მგონი, შეამოწმა, მაგრამ არ წავიდა სანახავად და უცნაური იყო ეს ყველაფერი" - გიორგი მამარდაშვილი

მამარდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრების მიერ გატანილი პირველი, გარდამტეხი გოლი მისთვის 100%-ით თამაშგარე იყო.

მამარდაშვილის თქმით, მას არ შეეძლო ამის გაპროტესტება, რადგან UEFA-ს წესებით, მსაჯთან საუბრის უფლება მხოლოდ კაპიტანს აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხბურთელი ყვითელ ბარათს მიიღებს.

"100%-ით თამაშგარე იყო ჩემთვის, იმიტომ, რომ მიშლიდა ხელს მორატა და როდრიმ გაიტანა მარცხნივ. პირველი გოლი თამაშგარე იყო ჩემთვის 100%-ით. რომ არა ეს გოლი, სხვანაირად წავიდოდა თამაში მეორე ტაიმში, სხვანაირად დავლაგდებოდით. შეიძლება მაინც წაგვეგო, მაგრამ პირველ გოლი მაინც სულ სხვაა და ჩემთვის ეს ყველაფერი თამაშგარე იყო.

მე არ შემეძლო გაპროტესტება, რადგან UEFA-მ გაგვაფრთხილა, კაპიტნის გარდა არავის შეუძლია მსაჯთან ლაპარაკი, ეს ყვითელი ბარათია. მსაჯმაც, მგონი, შეამოწმა, მაგრამ არ წავიდა სანახავად და უცნაური იყო ეს ყველაფერი ჩემთვის," - განაცხადა მამარდაშვილმა.

მამარდაშვილმა ესპანეთის ნაკრების მეკარეზე, უნაი სიმონზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო ამ სეზონში.

"უნაი სიმონთან მქონდა ლაპარაკი, წარმატებები მისურვა და შემიფასა თამაში, რომ კარგად ვითამაშე. მადლობა მას ამ ყველაფრისთვის. ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იყო ამ სეზონზე, დღესაც კარგად ითამაშა და, ჩემი აზრით, შეუძლიათ მოიგონ ეს ჩემპიონატი," - განაცხადა მამარდაშვილმა.

ეროვნული ნაკრების მეკარემ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს დასასრული არ არის.

"მარტო გუნდს არა, მთელს ქვეყანას დიდი რაღაც უნდა მოგვცეს ამ ჩემპიონატმა, ბევრი რაღაც უნდა გაკეთდეს ახლა საქართველოში, რადგან ყველამ დავინახეთ, როგორ უყვარს ქართველ ხალხს ფეხბურთი და რა შეუძლია ფეხბურთს, რადგან ამ 4 თამაშის განმავლობაში, მთელი საქართველო იყო გააერთიანებული და მარტო ფეხბურთი ისმოდა მთელს ქვეყანაში.

მადლობა მაქვს გადასახდელი იმ ხალხისთვის, ვინც იდგა და არ გაჩერებულა მთელი თამაშის განმავლობაში, რადგან მართლა თბილისში მეგონა თავი, დინამო არენაზე - სასწაული ატმოსფერო შექმნეს.

რაც შეეძლება მომავალს - ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, ეს არ არის დასასრული, პირიქით - ეს არის დიდი რაღაცის დასაწყისი, რაც შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ," - განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში იასპარეზა და ესპანეთთან ანგარიშით 4:1 დამარცხდა.