„ყველა ლიმფური კვანძის კიბოდ შერაცხვა სწორი არ არის...“ - სპეციალისტი კიბოს საყურადღებო ნიშნებსა და არასწორ შეხედულებებზე

ნინო შარაშენიძე

ონკო-ჰემატოლოგი, თსსუ პროფესორი ნინო შარაშენიძე გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს, რამდენად არის კავშირში ლიმფური კვანძის გადიდება სისხლის კიბოსთან:

„ლიმფური კვანძების გადიდება, შემთხვევათა ძალიან დაბალ პროცენტში უკავშირდება სისხლის სისტემურ დაავადებებს. ზოგადად, ლიმფოიდური სისტემა არის ბარიერი, რომელიც ყველაფერი ცუდისაგან, რაც ჩვენს ორგანიზმში შეღწევას ცდილობს, გვიცავს. ის პირველ დარტყმას თავის თავზე იღებს. შესაბამისად, ლიმფური კვანძების გადიდების უამრავი მიზეზი არსებობს. მაგალითად: ინფექციური მონონუკლეოზი, ვირუსი, კოვიდინფექცია. განსაკუთრებით კოვიდინფექციის დროს, პაციენტების უმრავლესობას დიდი ზომის ლიმფური კვანძები ჰქონდა შუასაყარში და ამაზე ქვეყანა ინგრეოდა. არსებობს რევმატოიდული დაავადებების დიდი ჯგუფი, რომლებსაც ლიმფური კვანძების გადიდება ახასიათებთ. სარკოიდოზი, გადატანილი ინფექციური მონონუკლეოზი, ტუბერკულოზი... შესაბამისად, ეს არის დაავადებები, რომლებიც დიფერენციალურ დიაგნოსტირებას მოითხოვს, რომ მას ონკოლოგიური პათოლოგია დაარქვა. ლიმფური კვანძების გადიდება და ლიმფოიდური სისტემის რეაქცია შესაძლებელია, სხვა ონკოლოგიურ დაავადებებს უკავშირდებოდეს. მაგალითად, სარძევე ჯირკვლის კიბოს. შეიძლება პრობლემური კბილი გვქონდეს და ყბისქვეშა ლიმფური კვანძები გადიდდეს. გვქონდეს ყურის ანთება და გაგვიდიდდეს. იყოს შარდ-სასქესო სისტემის ინფექცია და საზარდულის ლიმფური კვანძები გადიდდეს. ამიტომ, ყველა ლიმფური კვანძის კიბოდ შერაცხვა სწორი არ არის, თუმცა სიფრთხილისა და სიფხიზლის გამოჩენა, მთელ რიგ შემთხვევებში, ძალიან სწორი და აუცილებელია.