1732386875
„ჩემი კერპი მარადონა იყო, „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გაფორმებას ამიტომაც დავთანხმდით“ - ხვიჩა კვარაცხელიას მამა
„ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა „ინტერს“, „იუვენტუსს“, „სამპდორიასა“ და „რომას“ სურდათ, მაგრამ „ნაპოლიში“ მას თამაშის მეტი შანსი ექნებოდა და მასზე არჩევანი ამიტომ შეაჩერა“ – ამის შესახებ წიგნში, „კვარადონა, ქართული სასწაული“, ფეხბურთელის მამა, ბადრი კვარაცხელია საუბრობს.
„ხვიჩას ბევრი გუნდი აკვირდებოდა – „ინტერი“, „იუვენტუსი“, „სამპდორია“, „რომა“ და „ნაპოლი“, მაგრამ ნეპოლელთა თამაშის სტილიდან, ტაქტიკიდან და რეალობიდან გამომდინარე ჩანდა, რომ თამაშის შესაძლებლობა უფრო მეტად „ნაპოლიში“ ექნებოდა. ის რომ „იუვენტუსში“ წასულიყო, ანხელ დი მარიასთან მოუწევდა კონკურენცია და, შესაძლოა, ნაკლები სათამაშო დრო ჰქონოდა.
ამიტომ თავიდანვე „ნაპოლიზე“ ვფიქრობდით. ამას გარდა ჩემი საფეხბურთო კერპი დიეგო მარადონა იყო და იდეა, რომ ჩემი შვილი მისი გუნდის მაისურით ითამაშებდა, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა და „ნაპოლის“ შეთავაზებას დავთანხმდით“, – ამბობს ბადრი კვარაცხელია.
ამასობაში, იტალირი გამოცემა Corriere dello Sport-ი წერს, რომ მხარეებს ახალი კონტრაქტის თაობაზე ჯერ მოლაპარაკება არ დაუსრულებიათ. აქედან გამომდინარე, ნეაპოლში კვარაცხელიას მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
„ზაფხულში „ნაპოლის“ ბევრი ფეხბურთელი დატოვებს და შემადგენლობა განახლდება. თუმცა წამსვლელთა შორის კვარაცხელია, სავარაუდოდ, არ იქნება. კლუბის მენეჯმენტის სურვილია, რომ ხვიჩას ხელფასი გაუზარდოს და ახალი გუნდი მის გარშემო ჩამოაყალიბოს. კვარაცხელია ორი წელია უმაღლეს დონეზე თამაშობს და მისთვის პირობების გაუმჯობესება დამსახურებული იქნება“, – წერს იტალიური გამოცემა.