1784020802
გოგონა ოკეანეში გადავარდა და მამა მის გადასარჩენად გადახტა - ამბავი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა
მამა ოკეანეში გადახტა, რათა გადაერჩინა პატარა ქალიშვილი, რომელიც Disney Cruise Line-ის ბორტიდან წყალში გადავარდა. მამა-შვილი გემის ეკიპაჟმა გადაარჩინა, რომელმაც სამაშველო კატერი დროულად ჩაუშვა წყალში.
მედიის ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც საკრუიზო ლაინერი ბაჰამის კუნძულებიდან სამხრეთ ფლორიდაში, ფორტ-ლოდერდეილის პორტში ბრუნდებოდა. მცირეწლოვანი ბავშვი მე-4 გემბანიდან გადავარდა, რის შემდეგადაც მამა მის გადასარჩენად გადახტა.
თვითმხილველების თქმით, ისინი წყალში 10 წუთზე დიდხანს იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც ეკიპაჟის სამაშველო ჯგუფმა გადაარჩინა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ მამას ბავშვი ხელში ჰყავდა, სანამ მაშველები მათთან მივიდოდნენ. ჯერ გოგონა აიყვანეს ნავში, შემდეგ კი მამაც უსაფრთხოდ გამოიყვანეს. ამ დროს გემზე მყოფი მგზავრები მათ ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.










