1784020802
„ჩემი ერთადერთი იმედი აღარა მყავს... რატომ დადიხართ მთვრალები?“ - გორში მომხდარი უმძიმესი ავარიის ახალი დეტალები
გორში მომხდარ უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარმა საქართველო შეძრა.
ავარიის ადგილიდან, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დედა მალევე გარდაიცვალა. დაღუპული ქალი ანი ბერიანიძეა. ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, ვერც 3 წლის გოგონას გადარჩენა მოხერხდა.
სოციალურ ქსელში კი გარდაცვლილების ახლობლები ემოციურ პოსტებს აქვეყნებენ.
ირმა ამბარდნიშვილის თქმით, ანა გამორჩეული ნიჭით იყო დაჯილდოვებული - წერდა ლექსებს, მღეროდა და რამდენიმე უცხო ენაზეც საუბრობდა. ქალი იხსენებს, რომ დედა-შვილი ახალ ბინაში გადასვლას მოუთმენლად ელოდნენ, თუმცა მათი გეგმები ტრაგედიამ შეწყვიტა.
„დავიღუპე ხალხო, ჩემი ანა აღარა მყავს... ჩემი გაზრდილი, ჩემი ერთადერთი იმედი აღარა მყავს... რატომ დადიხართ მთვრალები?… დაიღუპა პატიოსანი ოჯახი... ახლა ვზივარ და ორ ჩასასვენებელს დავტირი...“ – წერს ირმა ამბარდნიშვილი სოციალურ ქსელში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ რომ მძღოლი, რომელიც დედა-შვილს დაეჯახა, ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.
უწყების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი უკვე დაკავებულია.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.









