დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება იზრდება. 1-ლი ივნისიდან თითო ბავშვზე 150 ლარი გაიცემა. სახელმწიფო პროგრამაში მოხვდება 16-წლამდე ყველა ის არასრულწლოვანი, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 120 000-ს არ აღემატება.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით ჯამური მინიმუმი წელს 341 მილიონი ლარი იქნება.
„ეს დახმარება მომავალი წელსაც გაგრძელდება. ჩვენი გადაწყვეტილება არის, რომ აღნიშნული დახმარება ყველა წელს გაგრძელდეს, რადგან ბავშვებზე ზრუნვა ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. ჩვენ ყველა სოციალური დაუცველის მდგომარეობა გვაღელვებს. აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება 215 ათასზე მეტ ბავშვს. ასევე, ვგეგმავთ სხვა პროგრამების დაწყებას, რომელიც სოციალურად დაუცველ ადამიანებს შეეხებათ, როგორიც არის მაგალითად, დასაქმების პროგრამა და სხვა. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ადამიანებს“. - განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.
ნახეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური „პრაიმტაიმთან“ პროგრამის დეტალებზე და სამომავლო გეგმაზე საუბრობს.
„მოგეხსენებათ, ბავშვთა უფლებების დაცვა, მათზე ზრუნვა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება წლებია, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. დაახლოებით 1 წლის წინ, სოციალურად დაუცველი ბავშვების დაფინანსება 50 ლარიდან 100-ლარამდე გაიზარდა. გარდა ამისა, გაიზარდა ბენეფიციართა რიცხვი, იქიდან გამომდინარე, რომ თუ ადრე დახმარების ზღვარი 100 000 ქულა იყო, შემდეგ 120 000 გახდა. მთლიანობაში, ბენეფიციართა რაოდენობა 1 წლის წინ 215 000 ბავშვამდე გაიზარდა.
პრემიერის ინიციატივით, ეს დაფინანსება, რომელიც თავდაპირველად 50-დან 100 ლარამდე გაიზარდა, პირველი ივნისიდან ხდება 150 და 2023 წლის პირველი იანვრიდან, აღნიშნული თანხა 200 ლარი გახდება.
შესაბამისად, 2023 წლისთვის, აღნიშნული სოციალური პაკეტის მთლიანი ბიუჯეტი დაახლოებით, ნახევარი მილიარდი ლარი იქნება. ამ პაკეტით ახლა დაახლოებით, 220 000 ბავშვი ისარგებლებს.“ - განაცხადა ღუდუშაურმა.
„პრაიმტაიმი“ 11-შვილიანი ოჯახის დიასახლისს ესაუბრა. 8 არასრულწლოვანი 1-ლი ივნისიდან 100-ის ნაცვლად 150-ლარიან დახმარებას მიიღებს.
„მივესალმებით, მიღებულ დახმარებას კომუნალურებს ვახმართ, დანარჩენს კვებისთვის ვანაწილებთ. ამას ემატება საჭირო ნივთები, მაგალითად, საკანცელარიო. ის რაც გუშინ პრემიერმა თქვა, ნამდვილად მისასალმებელია. ეს დახმარება რომ არ იყოს, ძალიან გაგვიჭირდებოდა არსებობა. მივესალმებით ინიციატივას და ველოდებით“ - ამბობს ნინო ბუთხუზი.