შოთა ადამაშვილმა აშშ-ში ქანთრი მუსიკის ორი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

შოთა ადამაშვილი

მუსიკოსმა შოთა ადამაშვილმა ორი ჯილდო მოიპოვა ქანთრი მუსიკის სამშობლოში – ტეხასში.

ქანთრისა და ფოლკის ქართველმა შემსრულებელმა თავისი შემოქმედებით მოხიბლა Texas Sounds International Country Music Awards-ის ჟიური და სამშობლოთი ორი პრესტიჟული ჯილდოთი ბრუნდება – „წლის საუკეთესო ორიგინალური სიმღერა“ და „Texas Spirit-ის წლის საუკეთესო შემსრულებელი“.

წლევანდელი ღონისძიების ფარგლებში 16 ქვეყნის 24 მუსიკოსი გამოვიდა Memorial City Hall Performance Center-ის სცენაზე. ფესტივალი 2-5 ოქტომბერს გაიმართა. როგორც ცნობილია, ტეხასის ფესტივალი არის პლატფორმა, სადაც მხოლოდ ნამდვილი ტალანტი და სცენური ქარიზმა ფასდება.

Texas Sounds International Country Music Awards გამოირჩევა იმით, რომ გამარჯვებულებს დამოუკიდებელი ჟიური ირჩევს კონკურსის დროს ცოცხალი შესრულების საფუძველზე და არა პოპულარობის მანამდე მოპოვებული რეპუტაციის მიხედვით.

ჯილდოებით აფასებენ უნარს, ნიჭსა და სცენურ პრეზენტაციას, მრავალი კატეგორიით, რომლებიც პატივს მიაგებენ შემსრულებლებს, ვოკალისტებს, ჯგუფებს, ორიგინალურ სიმღერებს და სხვა.

 

შოთას მუსიკალური მოგზაურობა წლების წინ დაიწყო. ჯერ კიდევ 2017 წელს, “Windshield”-ის შემადგენლობაში, ნომინირებული იყო Caucasus Music Awards Phoenix-ზე. ჯგუფი წარდგა Tbilisi Open Air-ზე და Visagino Country-ზე ლიეტუვაში. 2021 წელს, შოთამ ბალტიისპირეთში ჩაატარა ტურნე, ხოლო იმავე წელს, თავისი სახელი Texas Sounds-ის აუდიტორიას დაამახსოვრა, როცა „წლის ვირტუალური ამომავალი ვარსკვლავისა” და „პროდიუსერის რჩეულის“ ნომინაციები მოიპოვა.