1759659123
პიერპაოლო პიჩოლის სადებიუტო კოლექცია Balenciaga-სთვის და მეგან მარკლი სტუმრებს შორის

პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, იტალიელმა დიზაინერმა, პიერპაოლო პიჩოლიმ „ბალენსიაგასთვის“ შექმნილი სადებიუტო კოლექცია , სახელწოდებით „გულისცემა“ წარადგინა.
მკაცრი ფორმები, გრძელი ხელთათმანები, უცნაური ფორმის სათვალეები და კრისტალები - ასე დაინახა ბრენდის 2026 წლის გაზაფხულ/ზაფხულის სამოსი პიერპაოლო პიჩოლიმ. როგორც გამოცემა „ვოგი“ წერს, კოლექცია 1950-იანი წლებისა და თანამედროვე ესთეტიკის დახვეწილი შერწყმა იყო, რომელიც „ბალენსიაგას“ მისტიკას ხაზს კიდევ ერთხელ უსვამდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პიჩოლის ხედვის პარალელურად, სამოსი ბრენდის ყოფილი დიზაინერების, მათ შორის დემნა გვასალიას, შემოქმედებას მიაგებდა პატივს.
თავად პიჩოლი უცხოურ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში ასეთ სიტყვებს ამბობს: „ვფიქრობ, რომ იმ ადამიანების პატივისცემა, ვინც ჩემამდე იყო აქ - კრისტობალი, დემნა, ნიკოლა ჟესქიერი - ბევრად უფრო მაგარი და რევოლუციურია, ვიდრე მათი უარყოფა”.
პიჩოლის სადებიუტო კოლექციის წარდგენას დაესწრო მეგან მარკლი. ის თეთრი ფერის სამოსში იყო გამოწყობილი. აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მსგავსი სახის ღონისძიებებზე, ეს მეგანის პირველი გამოჩენაა. სხვათა შორის, სასექსის ჰერცოგინია პიჩოლის შემოქმედებას დიდ პატივს სცემს და მის მიერ შექმნილ სამოსს ხშირად ირგებს.
ჩვენებას ასევე ესწრებოდნენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც ენ ჰეთუეი, ლორენ სანჩესი, ანა ვინტური, ემა ჩემბერლენი და არიანა გრინბლატი არიან.