1759659123
„როიტერი“ - აშშ-ის მთავრობა ამტკიცებს, რომ უკრაინაში რუსეთის მხარეს კუბელები იბრძვიან და თავის დიპლომატებს დაავალა, მოუწოდონ მოკავშირეებს, არ დაუჭირონ მხარი კუბისთვის ემბარგოს მოხსნას

„როიტერის“ ცნობით, აშშ-ის მთავრობა ამტკიცებს, რომ უკრაინაში რუსეთის მხარეს კუბელები იბრძვიან. აშშ-ის ხელისუფლებამ თავის დიპლომატებს დაავალა, მოუწოდონ მოკავშირეებს, არ დაუჭირონ მხარი გაერო-ს რეზოლუციას, რომელიც კუბისთვის ემბარგოს მოხსნას ითხოვს.
„როიტერის“ ცნობით, არგუმენტად გამოიყენეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ათასობით კუბელი იბრძვის რუსეთის მხარეს უკრაინასთან ომში. „როიტერის“ ცნობით ამის შესახებ საუბარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა გზავნილში, რომელიც 2 ოქტომბრით არის დათარიღებული.
მათივე ცნობით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აღნიშნული წერილი მსოფლიოში ათეულობით ამერიკულ დიპლომატიურ მისიას გაუგზავნა. გზავნილში ნათქვამია, რომ გაერო-ს რეზოლუცია „არასწორად აკისრებს პასუხისმგებლობას აშშ-ს კუბის პრობლემებზე“, რომლებიც, როგორც წერილშია აღნიშნული , გამოწვეულია კუბის ხელისუფლების „კორუფციითა და არაკომპეტენტურობით“.
გარდა ამისა, წერილი, შეიცავს დაახლოებით 20 თეზისს კუბის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებებით, მათ შორის, ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ კუბის მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში.
„ჩრდილოეთ კორეის შემდეგ კუბა არის უცხოელი მებრძოლების ყველაზე დიდი კონტრიბუტორი რუსეთის აგრესიისთვის. ჩვენი შეფასებით, უკრაინაში ერთიდან ხუთი ათასამდე კუბელი იბრძვის“, – ნათქვამია წერილში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უარი თქვა „როიტერისთვის“ მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია უკრაინაში მებრძოლ კუბელ დაქირავებულებზე. უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კუბის ხელისუფლებამ „ვერ შეძლო თავისი მოქალაქეების დაცვა მათი გამოყენებისგან, როგორც პაიკებისა, რუსეთ–უკრაინის ომში“.
მანამდე, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა ამერიკელი კონგრესმენები გააფრთხილეს, რომ იზრდება რუსეთის მიერ უკრაინაში საბრძოლველად კუბელების გადაბირების შემთხვევები.