1737312489
შინეიდ ო'კონორის პატივსაცემად ირლანდიის სანაპიროზე ინსტალაცია განათავსეს
ლეგენდარული ირლანდიელი მომღერლის, შინეიდ ო'კონორის, პატივსაცემად მუსიკოსის მშობლიურ ქვეყანაში დროებითი ინსტალაცია შექმნეს. ზღვის ნაპირას, ბორცვზე განთავსებული 10-მეტრიანი ინსტალაცია, რომელზედაც მომღერლის სახელი და ქვეყნის ირლანდიური დასახელება წერია, პატარა ქალაქ ბრეის გადაჰყურებს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ო'კონორი ბრეიში 15 წელი ცხოვრობდა. ამავე ქალაქში დაკრძალავენ მას.
„შინეიდს ბრეიში ცხოვრება მოსწონდა და აქაურებიც უყვარდა", - წერს მუსიკოსის ოჯახი გავრცელებულ განცხადებაში.
გადამუშავებადი პლასტმასისგან დამზადებული ინსტალაცია ბორცვზე კვირის ბოლომდე დარჩება.
„შინეიდზე მისი გარდაცვალების შემდეგ იმდენი რამ ითქვა, არც კი ვიცი, რა დავამატო", - ამბობს ინსტალაციის შემქმნელი კრეატიული სააგენტოს ხელმძღვანელი, რიჩარდ სიბრუკი, - „უბრალოდ, გვინდოდა, ამით გვეჩვენებინა, თუ რამდენს ნიშნავდა იგი ჩვენი პატარა ქვეყნისთვის".
შინეიდ ო'კონორი 26 ივლისს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუსიკოსის სიკვდილის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ასევე ნახეთ:
„დნმ ემთხვევა, ჩემ გოგოს შენარჩუნებული აქვს ყველაფერი... ვეძებ ბიჭს“ - შოვში დაღუპულის მამა