პირს ბროსნანის თქმით, შემდეგი ჯეიმს ბონდი ამერიკელი არ უნდა იყოს

პირს ბროსნანი

ყოფილი პოლიტიკური ლიდერების მსგავსად, ლეგენდარული ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელ მსახიობებსაც მუდამ ეკითხებიან აზრს მიმდინარე მოვლენებსა და პერსონაჟის სამომავლო განვითარებაზე.

ახლა, როცა ჯეიმს ბონდის ფრენჩაიზი Amazon-მა შეიძინა და საკულტო პერსონაჟის ახალი თავგადასავლების გადაღებას გეგმავს, მის მომავალზე ბევრი კითხვა ჩნდება. უკანასკნელმა 007-მა, დენიელ კრეიგმა, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ "არ აღელვებს", ბონდს რა ბედი ეწევა და რას გადაწყვეტენ ფილმის პროდიუსერები და რეჟისორი. როგორც ჩანს, პირს ბროსნანს ამ თემაზე მის კოლეგაზე გაცილებით მეტი სათქმელი ჰქონდა.

ირლანდიელი მსახიობი, რომელმაც აგენტი 007-ის როლს 1995-2002 წლებში ასრულებდა, ბრიტანულ გამოცემას, Daily Telegraph-ს უთხრა, რომ ბონდის როლის შემსრულებელი შემდეგი მსახიობი აუცილებლად ბრიტანელი უნდა იყოს, და რომ ფრენჩაიზის პროდიუსერების, ბარბარა ბროკოლისა და მაიკლ უილსონის მხრიდან კრეატიული კონტროლის Amazon-ისთვის გადაცემა სწორი გადაწყვეტილება იყო.

„მათი მხრიდან ბონდის გაშვება მამაცური გადაწყვეტილებაა. ვიმედოვნებ, რომ ამაზონი ამ საპასუხისმგებლო საქმესა და პერსონაჟს ღირსებით, შემოქმედებითა და პატივისცემით მიუდგება,"- თქვა ბროსნანმა.

„ისტორია ახლა ამაზონს გადაეცა და ვამაყობ, რომ ბონდის ისტორიისა და მემკვიდრეობის ნაწილი ვარ და რომ ბარბარასა და მაიკლის მიერ შექმნილ ფილმებში მონაწილეობა მივიღე," - ვკითხულობთ ბროსნანის ინტერვიუში.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ გააგრძელებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟის განსახიერებას დიდ ეკრანზე. მაყურებელთა ვარაუდით, არჩევანი ჰენრი კავილს, კილიან მერფის, ტომ ჰარდის ან იდრის ელბას შორის გაკეთდება.