დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ლევან კბილაშვილი 33 წლის გახდებოდა. ქრისტეს ასაკი იქ შეასრულა, სამყაროს შემოქმედთან. მალე მისი გარდაცვალებიდან ორი წელი გავა. 12 ივნისს მოსული, 21 ივნისს წავიდა... რიცხვების ამგვარად უცნაური გადანაცვლებით...
ნეტა, რა ემოცია მოიცავდა, რომ გაეგო, რომ ახლა მისი სახლი ლევან კბილაშვილის სახელობის ქუჩაზე დგას?! დგას და იანვრიდან მოყოლებული ამაყად ატარებს იმ მომღერალი ბიჭის სახელს, ოცდაათ წელში რომ სამყაროსთვის თავის შეყვარება მოასწრო. იმდენი რომ შეძლო, ნაცნობ-უცნობი მის საფლავს დაეძებს, შვებულებებსაც კი ლევანის ოჯახში მისასვლელად და მის სამუდამო განსასვენებლის სანახავად რომ იღებენ და თბილისში ჩამოდიან.
ერთ-ერთი პირველი, ვინც ლევანის დაბადების დღეს მის ოჯახში მივიდა, მომღერლის მოძღვარი - მამა შალვა კეკელია გახლდათ. როგორც ლევანის დედა, მელიტა ფურცელაძე „პრაიმტაიმს“ უყვება, გარდაცვლილი შვილის მოძღვრის ნუგეში მისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ხან შეუძლია მისი სიტყვის შესრულება, ხან კი, ეს უბრალოდ მის ძალებს აღემატება...
მელიტა ფურცელაძე: არ არსებობს დრო ისე გავიდეს, რომ მამა შალვამ არ მანუგეშოს. ის ჩემი შვილის მოძღვარი იყო. როდესაც ეს ამბავი გავიგე, არც მახსოვს ვინ მოდიოდა, ვინ მიდიოდა. ერთი მახსოვს, მამა შალვა და მამა საბა მოვიდნენ, არ ვიცი, რა დრო იყო. ისტერიკა მქონდა, გვერდით დამიჯდა, შევხედე და ვეკითხებოდი: რა ვქნა, როგორ უნდა მოვიქცე, რა გავაკეთო-მეთქი? მამა შალვას ცრემლები ღვარ-ღვარად ჩამოსდიოდა, ცხარე ცრემლით ტიროდა. არ უნდოდა ხმამაღლა ეტირა, მაგრამ ალბათ, საშუალება რომ ჰქონოდა, ხმამაღლაც ამოიგმინებდა. შევხედე, მაგრამ იმ მომენტში ვერაფერი მითხრა. ტიროდა ისე, როგორც მე ვტიროდი...
მე არ მავიწყდება გიორგი ტყემალაძის სახეც, როდესაც საკრებულოში შევხვდი, ჩვენს ქუჩაზე ლევანის სახელის დარქმევასთან დაკავშირებით, ოჯახთან შეხვედრა და ჩვენი გაცნობა ითხოვა. ლევანიკოზე ვსაუბრობდით, შინაურულად. თვალები აუცრემლიანდა, თავი დახარა, თითქოს ტელეფონს უყურებდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქ არც არაფერს კითხულობდა; მან ჩემს მდგომარეობას ვერ გაუძლო და თვალცრემლიანს თავი ზევით არ აუწევია და ვერ მიყურებდა... მე ეს თვალები და სახე არ დამავიწყდება.
უღრმესი მადლობა მას, ნინია ვარდოსანიძეს და მთლიანად საკრებულოს კოლექტივს...
თიანეთის გზატკეცილის ქუჩას რამდენიმე თვეა ჩემი ლევანიკოს სახელი ჰქვია. იმ კაცს, ვინც ძველ ნომრებს ახლით ცვლიდა, მოსახლეობითვის უკითხავს, ვინ არის ეს ბიჭი, რა გააკეთა ქუჩას რომ მის სახელს არქმევენო? მოსახლეობას გახარებია ლევანიკოს სახელი რომ დაერქვა ქუჩას. მე ჭიშკარს რომ გამოვაღებ, არ შემიძლია, ვერ ვუყურებ ჩემი შვილის სახელს და გვარს სახლის ნომერზე...
***
ვინ არ მოვიდა მის დაბადების დღეზე. ნაცნობი თუ უცნობი. ჩამოსული იყო ბრეგოვიჩის და კუსტურიცას დირექტორის ვაჟი. მოგვიყვა, როგორ თბილად გაუხსენებია ემირ კუსტურიცას ლევანიკო, როგორ მამღერა ქართული სიმღერაო. ბრეგოვიჩი ყოველთვის აღნიშნავს, რომ ლევანიკო საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი იყო. ის სულ იწვევდა ლევანს თავის კონცერტებზე, რომელსაც რუსეთში ატარებდა. ჩემთვის ასეთი ადამიანებისგან ასეთი შეფასება ბევრს ნიშნავს. პეტერბურგიდან ქართული ანსამბლი იყო ჩამოსული, ვისთან ერთადაც ლევანს აქვს კონცერტებზე ნამღერი. დამირეკა ლუბა უსპენსკაიამ, ქალიშვილთან ერთად უნდა ჩამოვიდე და ლევანიკოს საფლავზე აუცილებლად უნდა წავიდეო.
სიცოცხლეში აქ, ჩვენთან დიდად არავინ უთმობდა ყურადღებას, არც თვითონ იქცევდა სპეციალურად ყურადღებას და თვალში არავის ეჩხირებოდა. გარდაცვალების შემდეგ კი, დიდი გულისტკივილი გამოიწვია. მერე ნახეს, ალბათ, მისი ნამღერი და აღიარეს...
სულ მეგობრების და ახალ-ახალი ნაცნობების გარემოცვაში იყო. დავურეკავდი და ვკითხავდი, მითხარი, ვისთან ერთად ხარ ახლა-მეთქი. არ იცნობო, მეტყოდა. მეც ახლა გავიცანიო და ვინც გაიცნობდა, მერე აღარ შორდებოდნენ. გულგრილს ვერავის ტოვებდა.
მე ვხედავ როგორ დააკლდათ მეგობრებს ლევანიკო. კვირაში რამდენჯერმე მიდიან მის საფლავზე. მერე იქიდან დამირეკავენ, შეიძლება მოვიდეთო? რას ჰქვია არ შეიძლება! მოდიან, მოგვიკითხავენ. ალბათ, ლევანიკო ძალიან მადლობელია, რომ ეს ბიჭები ასე იქცევიან...
ვოცდები, ისეთი რამეები ხდება. ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ სრულიად სხვანაირი ლევანიკო აღმოვაჩინე. მე ხომ მეგონა ვიცნობდი, ვიცოდი მასზე ყველაფერი. არაფერი დაფარული არ არსებობდა მასზე, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, გაოცებული ვარ. დღე არ გავა უცხო ადამიანი არ შემეხმიანოს, კვირა არ გავა, ვიღაცამ თაიგული არ გამოგზავნოს. თვე არ გავა, ვინმე სპეციალურად არ ჩამოვიდეს მის საფლავზე მისასვლელად... ოჯახებიანი ქალბატონები ჩამოდიან, სულ უცხო ხალხი...
ერთხელ მირეკავს გოგონა და რუსულად მეუბნება, თუ შეიძლება ჭიშკართან ვდგავარ და გამიღეთო. აღმოჩნდა ყაზახი გოგო, რომელიც პირადად არც იცნობდა ჩემ შვილს. შვებულება ავიღე და ჩამოვედი, რომ ლევანის საფლავზე მივიდეო. გავოგნდი, სრულიად უცხო ადამიანი შემრჩა ხელში. და რამდენი მოსულა ასე...
გიო დათიაშვილმა ლევანიკოს ნამღერზე - "პატარა გოგო დამეკარგა" ანიმაციური კლიპი გადაიღო. მე ვერ ვუსმენ ლევანიკოს სიმღერებს. ფეისბუქზე თუ შემომხვდება, ხმას ვუწევ და ისე ვუყურებ მის კადრებს. ხმოვანი შეტყობინებები მაქვს ტელეფონში უამრავი, მაგრამ ვერ ვრთავ. როგორ მინდა, ხანდახან დავაჭირო თითი და მოვისმინო - დე, ჩავფრინდიიი, დე, უკვე სახლში მივედი... ავედი... ვერ ვუსმენ, არ შემიძლია. შეიძლება მოვკვდე.
მისი ოთახი დავასრულე. ლამაზი გამოვიდა. ყველა მასთან დაკავშირებული ნივთი იქ არის. თუმცა ჯერჯერობით, ვერც ერთი ვერ ვეხებით იმ ყუთს და საკონცერტო სამოსს, რომელიც მოსკოვიდან ჩამოგვივიდა... ერთმანეთს ვერ ვეუბნებით, ამოიღე ნივთებიო.
ამ სივრცეში გვინდა ლევანიკოსთან მოსულ ადამიანებს ვუმასპინძლოთ. ყველა მისი ჯილდო იქ მაქვს. ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა. უმაღლესშიც უმაღლესი შეფასებები ჰქონდა. ოღონდ გაოცებული ვარ, როგორ ახერხებდა, არ ვიცი, რადგან არ მინახავს რომ ემეცადინა. თავს კი ყველგან საუკეთესოდ წარმოაჩენდა.
***
შორს ვხედავ ხოლმე სიზმრად. თვალს მოვკრავ. ახლოს, ჩახუტებით არ მინახავს. "ჯეოსტარის" დროს ერთი მეგობარი ჰყავდა. ამ გოგომ სიზმარი მომიყვა: მიცანი, ლევანიკოო, უკითხავს ანის. როგორ არა, გიცანი, გენაცვალე შენო. "გენაცვალე შენს" ბოლო დროს ამბობდა. ყველას ასე მიმართავდა. ანის უთქვამს, ლევანიკო, დედა როგორ გნატრულობსო, მე დედას თითქმის ყოველდღე ვხედავო, უთქვამს ჩემს შვილს...
მე ყოველდღე მივდივარ მასთან, საფლავზე, სადაც ჩემი სამყარო მაქვს; უნდა მივიდე, ჩამოვჯდე, დავალაგო, მცენარეები მოვრწყო. ლევანიკოც იქ მხედავს, ალბათ...
ასევე დაგაინტერესებთ: