ბელა ჰადიდი Dolce & Gabbana-ს წინააღმდეგ - რაში დაადანაშაულეს საკულტო ბრენდი

ბელა ჰადიდი

მოდის სამყარო კიდევ ერთი ხმაურიანი დაპირისპირების მომსწრე გახდა. სუპერმოდელმა ბელა ჰადიდმა, რომელიც ცნობილია თავისი აქტიური სამოქალაქო პოზიციით, იტალიური მოდის სახლი Dolce & Gabbana საჯაროდ და მკაცრად გააკრიტიკა. სოციალურ ქსელში გავრცელებულმა მისმა კომენტარებმა დისკუსიის ახალი ტალღა ააგორა: არის თუ არა მოდის ინდუსტრიაში ადგილი ბრენდებისთვის, რომელთა რეპუტაციაც წლების განმავლობაში არაერთი სკანდალით შეილახა?

დაპირისპირება დაიწყო Instagram-ზე, მოდის კრიტიკოსის, ელიას მედინის პოსტის ქვეშ. პოსტი ეხებოდა Dolce & Gabbana-ს ბოლო ჩვენებას მილანის მოდის კვირეულზე.

კრიტიკოსმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ბრენდმა კვლავ უგულებელყო მრავალფეროვნება (diversity) და პოდიუმზე თითქმის მხოლოდ თეთრკანიანი, სტანდარტული ფორმების მოდელები გამოიყვანა.

ბელა ჰადიდმა პოსტს ორი მწვავე კომენტარი დაუტოვა:

„შოკირებული ვარ, რომ ხალხი ამ კომპანიას კვლავ მხარს უჭერს, ეს უბრალოდ სამარცხვინოა“.

„ეს ბრენდი დიდი ხანია "გაუქმებულია"... რასიზმის, სექსიზმის, ფანატიზმისა და ქსენოფობიის წლები... როგორ გვიკვირს ეს დღემდე?“