პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მარიამ ქარქაშაძე იმ ხელოვანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც თვით განვითრებისა და პროფესიული ზრდისთვის, მსხვერპლის გაღებასაც არ ერიდება. ეს მსხვერპლი საკუთარი შვილიც შეიძლება იყოს, რომელიც ძალიან შორს წასულ დედას ემეგობრება და იცის, რომ ეს განშორება, მარიამმა მისი კეთილი მომავლისთვის გაბედა... მერე რა, რომ დათა ჯერ მხოლოდ 10 წლისაა. მან იცის, რომ დედამ ჯერ ამერიკაში ისწავლა, მერე ფილმი გადაიღო. ახლა მას იღებენ...
მოკლედ, მსახიობი და რეჟისორი მარიამ ქარქაშაძე, ამერიკიდან დაბრუნდა და ახალი პროექტებისთვის ემზადება.
ნიუ-იორკის კინო აკადემიის სტუდენტი კი ხუთი წლის წინ გახდა. არჩევანი ლოს-ანჯელესის ფილიალზე გააკეთა.
ბოლო ორი წელი კი, ლოს-ანჯელესში, ჯერ საკუთარი საავტორო ფილმის პოსტფროდაქშენით იყო დაკავებული, შემდეგ კი, რამდენიმე თვე, ამ ფილმის საფესტივალო მოგზაურობაში გაატარა.
„ის კაბა“ – The Dress – ასე ჰქვია ფილმს, რომელიც კინო აკადემიის დასრულების შემდეგ გადაიღო.
სურათის რეჟისორი, სცენარის ავტორი და პროდიუსერი მარიამია. მთავარ როლსაც თავად ასრულებს.
მანამდე კი იყო თეატრალური უნივერსიტეტი. სამსახიობო ფაკულტეტი დაასრულა და მის სამსახიობო ბალანსზე სატელევიზიო სერიალებში განსახიერებული როლები და თავისუფალი თეატრის სპექტაკლები აღმოჩნდა...
თავისუფალი თეატრის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სპექტაკლში - "მერე რა რომ სველია სველი იასამანი" თითქმის 10 წელი თამაშობდა. ასევე მთავარ როლს ასრულებდა სპექტაკლში - "ყვავილები ელჯერნონისთვის". მარიამი მონაწილეობდა სატელევიზიო სერიალებში - "ცოლები და ქმრები", „ჩცდ", რომელიც წლების მანძილზე ყველაზე პოპულარული სატელევიზიო პროდუქტია საქართველოში.
არტისტი „პრაიმტაიმს“ თავის თავზე უყვება.
მარიამ ქარქაშაძე: როცა სტუდენტი ხარ, შვილის წაყვანა ასე შორს შეუძლებელია. ფიზიკურად არაფრის დრო არ გაქვს.
ჩემმა შვილმა ძალიან იხალისა, რომ ვუთხარი, მეც სწავლას ვიწყებ-მეთქი. როგორ სწავლობო, სულ მეკითხებოდა.
როგორც ჩანს, ჩემზე ისე იმოქმედა შვილთან განშორების ფაქტორმა, რომ ჩემი ფილმის სცენარს ეს გრძნობა გასდევს ქვეტექსტად.
როდესაც რაღაცას წერ ან იღებ, და მით უფრო, საავტორო კინოს, ის მაინც საკუთარ გამოცდილებას ეხმიანება.
ჩემი ფილმის გმირიც თავს დამნაშავედ გრძნობს. როცა შვილი გყავს, მარტო აღარასოდეს ხარ, მაგრამ ზღვა პასუხისმგებლობის და დანაშაულის გრძნობა დაგყვება სულ. გაქვს შიში, რაიმე არასწორად არ გააკეთო, ცუდი მშობელი არ იყო, რამე არ შეგეშალოს... რაც არ უნდა დავარწმუნო თავი, რომ სამყაროს შესაცვლელად, თუ გამოცდილების მისაღებად ანდა, განვითარებისთვის წავედი ამერიკაში, შვილის მიმართ თავს მაინც დამნაშავედ ვგრძნობ. მას არაფერი დაუშავებია, უბრალოდ უნებურად ისეთ გარემოში აღმოჩნდა, სადაც დედა მსხვერპლს იღებს.
დათა ჭკვიანი არსებაა, გულისხმიერი. ჩვენ მეგობრები ვართ.
დედა 23 წლის ასაკში გავხდი. თითქოს პატარა ვიყავი, მაგრამ თან არც ვიყავი. რაღაცნაირად ყველა ადამიანი გრძნობს შეუძლია თუ არა შვილის გაზრდა, რისი მიცემა შეუძლია ემოციურად და ინტელექტუალურად. მჯეროდა, რომ საკმარისი გამოცდილება და რესურსი მქონდა. თან უკვე ორი უნივერსიტეტი მქონდა დამთავრებული და მეგონა, რომ ზრდა და სწავლა დავასრულე.
- ანუ როგორც მივხვდი, მარტო შვილის გაზრდას არ შეუშინებიხართ?
- არა, როგორ არა. თან იცი, რომ სწორია და თან ძალიან გეშინია. მაგაზე მეტად, ალბათ, არაფერს შევუშინებივარ ცხოვრებაში. მაგრამ რაღაცნაირი წინათგრძნობა მქონდა, თითქოს ვიცოდი, ვინ უნდა ყოფილიყო დათა; და... ზუსტად ის არის. თან ოჯახიც სულ მხარს მიჭერდა. გამიმართლა ადამიანებში...
ზოგადად ადამიანებს ბევრი თავს მოხვეული შიში გვაქვს; მგონია, რომ ჩვენთან, უფრო მეტად ქალებს. რა ვიცი, თუ ვინმე დამიჯერებთ: ტყუილად გეშინიათ, არავის მისცეთ უფლება თქვენს გადაწყვეტილებებში ჩაერიონ!
დათამ უშიშარი გამხადა. უფრო სწორედ მამაცი. როცა რაღაცის გეშინია და მაინც აკეთებ, ალბათ, ეგ არის მხოლოდ სიმამაცე. ვისწავლე, რომ ყველა შიში ან ყველა სირთულე შემოსაზღვრულია დროში და სივრცეში. მაგას რომ მივხვდი, ყველაფერი შესაძლებელი გახდა.
- მარიამ, ახლა შეყვარებული ხართ?
- უი რთული კითხვაა... მგონია რომ მაგ ზმნას დრო არ აქვს. ანუ ვიღაც თუ გიყვარს, სულ გიყვარს. ან თუ "აღარ გიყვარს" ე.ი. არც გიყვარდა. თუ ვიღაც მომავალში უნდა "შეგიყვარდეს" ე.ი. ახლაც გიყვარს.
ცოტა ნოლანის დროის ფილოსოფიას ჰგავს, მაგრამ ეგრეა. :))
- კარგი... ამერიკამ რა მოგცათ?
- ამერიკამ ბევრი საინტერესო რამ მომცა. პირველ რიგში, საკუთარი თავი დავინახე სხვა კუთხიდან. დავინახე ადამიანების შრომის კულტურა. საშუალო ფენას სულ უწევს ბრძოლა გადარჩენისთვის; იქ ვერ იქნები ზარმაცი, რადგან უბრალოდ, ვერ გადარჩება. და თან იციან შრომის დაფასება.
ამერიკა ბევრ შესაძლებლობას გაძლევს. მართალია, ფილმი საქართველოში გადავიღე, მაგრამ პოსტფროდაქშენი ფილმს იქ გაუკეთდა.
პრემიერა ნიუ-იორკში შედგა, შემდეგ მოიარა სხვადასხვა შტატის ფესტივალები.
როგორც პროდიუსერმა, იქ მივიღე გამოცდილება. საკუთარი ფილმის საფესტივალო ცხოვრება თავად დავგეგმე.
ამერიკაში ბევრი პატარა კინოფესტივალია, რომელიც დამოუკიდებელი კინოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იქ, ინტიმურ გარემოში, ლოკალურ ფესტივალებზე, თითო კვირის განმავლობაში, იკრიბებიან პატარა კინოს დიდი რეჟისორები თუ სხვადასხვა „კინოშნიკები“, და საღამოობით არის საინტერესო შეხვედრები, განხილვები, იბადება ახალ-ახალი იდეები, იძენ მეგობრებს, აგროვებ კონტაქტებს... სადაც შეიძლება ცნობილ ადამიანებსაც შეხვდე.
- ახლა რაზე მუშაობთ?
- ორ პროექტზე ვარ დამტკიცებული. რისი თქმაც ახლა შემიძლია, ეს არის ჟან კრისტოფ პიტოფის ფილმი, რომელსაც მეთერმთეტე საუკუნის პერიოდის ხევსურებისა და ვიკინგების ბრძოლაზე იღებს. სცენარის ავტორი არმაზ ხორნაულია, პროდიუსერი კი, ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროდიუსერი საბა კიკოლა გახლავთ. მეორე პროექტის სცენარი - სი ჯეი კოქსს ეკუთვნის და სიუჟეტურად საქართველოში ვითარდება. ასე რომ, წინ დიდი ამბები გველოდება.
ჩემი გეგმის, თუ უფრო ოცნების ნაწილს გაგიმხელთ: ყოველთვის მინდოდა ქართული და ამერიკული კულტურის თანხვედრა და ერთმანეთისთვის გაცნობა, დაკავშირება... ქართულის იქ - ამერიკაში ჩატანა და ამერიკულის აქ, ჩვენთან წამოღება. მინდა კავშირების გამყარება. ამერიკაში შეძენილი მეგობრებისთვის ქართული კინოშემოქმედების გაცნობა, კონტაქტების გაცვლა, ქართულ-ამერიკული პროექტების დაგეგმვა.
საქართველოს კარგი კინო კულტურა გააჩნია და მინდა ის გავაცნო ყველას... ჩემდა გასაკვირად, ხანდახან, აბსოლუტურად უცნაურ ადგილებში, მხვდებიან ადამიანები, რომლებმაც იციან ელდარ შენგელაია, სერგო ფარაჯანოვი ან ქართული კულტურის ისეთი ნაწილები, რომლებიც დედამიწის მეორე მხარეს სულ მენატრება. ასეთ მომენტებში ისეთი აღფრთოვანებული ვარ ხოლმე...
"ამერიკაში საცხოვრებლად დარჩენა გინდა? ხომ ამისთვის ჩამოხვედი"- ო, იქ მკითხეს. არა-მეთქი! მე მინდა ქართულ-ამერიკული პროექტები გავაკეთო, გავაღრმავო კავშირები ქართველ და ამერიკელ კინოხელოვანებს შორის, საერთო იდეების მქონე ადამიანები ერთმანეთს დავაკავშირო-მეთქი. და მახსოვს, როგორი პატივისცემით შემომხედეს და შემდეგ უკვე დაინტერესდნენ: როგორია შენი ქვეყანა, ასე რომ გიყვარსო? აი, ამის შემდეგ გაუჩნდათ პატივისცემა როგორც ჩემს, ასევე ჩვენი ქვეყნის მიმართ. არც ერთ ქვეყანაში პატივს არ სცემენ ადამიანს, ვისაც საკუთარი ქვეყანა და საკუთარი კულტურა არ უყვარს. ლოგიკურია, შენი თუ არ გიყვარს, სხვას ვერ შეიყვარებ.
ასევე დაგაინტერესებთ:
„მაწვნის ნიღაბს გასწავლით“ - კირა ანდრონიკაშვილი სილამაზის საიდუმლოებებს გვიმხელს
"ჩემი შვილების მამა მოძალადე არ არიის!!!“ – რას წერს „კაბუს“ ყოფილი მეუღლე