"ამ ექვსი წლის მანძილზე, სულ იმაზე ვფიქრობდი, როდის ავიღებდი ბილეთს და გამოვფრინდებოდი" - რისთვის დაბრუნდა ნინი წიკლაური ამერიკიდან

nini

ექვსწლიანი პაუზის შემდეგ ნინი წიკლაური ნიუ-იორკიდან მონატრებულ სამშობლოს დაუბრუნდა. როგორც ამბობს, საყვარელ ქალაქში ხეტიალი ენატრებოდა და წასვლამდე, გული უნდა იჯეროს. მოინახულოს მცხეთა, მეგობრები... შესაძლოა, დუეტის ჩაწერაც მოასწორს...

ნინი წიკლაური: დედას და ბებოს სანახავად ჩამოვედი. ძალიან მენატრებოდნენ და მათთვის ჩამოვედი. ამ ექვსი წლის მანძილზე ყოველდღე იმაზე ვფიქრობდი, როდის ავიღებდი ბილეთს და როდის გამოვფრინდებოდი. 

სანამ შვილები პატარები იყვნენ და ჩვენც ავეწყობოდით, ვერ მოვახერხე ჩამოსვლა. როგორც კი საბუთების საქმე მოვაგვარე, შვილებთან ერთად ჩამოვედი.

ხუთი წლის საბა და ორი წლის ილია პირველად არ არიან საქართველოში. შარშან, ბებოს თხოვნით, გამოვუშვი ნათლიებთან ერთად. 

 ემიგრაციაში დრო ძალიან ჩქარა გადის. მოვიხედე და თურმე ექვსი წელი გასულა. 

იქ ვმუშაობ პედაგოგად. ქართული კულტურის ცენტრ "ფესვებთან"  არსებული ვოკალური სტუდიის მუსიკალური ხელმძღვანელი ვარ. ბევრი მოსწავლე მყავს. გარდა ამისა, კვირაში სამი დღე ვმღერი... 

თვე ნახევარი დავრჩები. იმედია, მეყოფა. მინდა ყველა მეგობარი ვნახო. ჩავეხუტო-მოვეფერო.

დავდივარ ფეხით. ავლაბარში ვცხოვრობ და ფეხით რუსთაველამდე ჩამოვედი. ამერიკაში, ძირითადად, ფეხით დავდივართ. ყველგან მანქანით ვერ მიხვალ. ასე რომ, სიხარულით და თავისუფლად დავდივარ ფეხით. თან მომწონს ჩემი თბილისი.

იმ კვირაში მცხეთაში უნდა ჩავიდე. ჩემი საყვარელი ადგილია... მოვილოცებ ტაძრებს. არ ვიცი, კიდევ როდის ჩამოვალ და მადლიან ადგილებს როდის მოვინახულებ.