,,შვეულმფრენი ტექნიკურად გამართული იყო, ზაზა ლორია კი, გამოცდილი პილოტი" - შამილ ქორთოშიძე

shamil qortoshadze

პილოტი შამილ ქორთოშიძე აცხადებს, რომ შვეულმფრენი, რომელმაც გუდაურში კატასტროფა განიცადა, ტექნიკურად გამართული იყო, რომელსაც გამოცდილი პილოტი მართავდა.

,,შვეულმფრენი ტექნიკურად გამართული იყო, ზაზა ლორიას 32 წლის გამოცდილება ჰქონდა ფრენისა და სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობის. 

სხვათა შორის, ჩვენს პირობებში, რეგიონში, ანალოგი არ გააჩნია, ძლიერი ვერტმფრენია. გამორიცხულია, ან სიძველით, ან რესურსის უქონლობით მომხდარიყო. იმიტომ, რომ ყველა აგრეგატის რესურსის ათვლა მიდის ცალ-ცალკე და გამორიცხულია, გაუმართავი ყოფილიყო.

მით უმეტეს, ზაზა ლორია, არა მარტო ეკიპაჟის მეთაური იყო, ზაზა იყო სამმართველოს უფროსის მოადგილე ფრენების დარგში და დიდი გამოცდილება ჰქონდა", - განაცხადა პილოტმა.

მისივე თქმით, შესაძლოა, ტრაგედია ქარის ფაქტორით ყოფილიყო განპირობებული.

,,ტექნიკა გამართული იყო, ეკიპაჟი საკმაოდ გამოცდილი. ალბათ, ქარის ფაქტორი იყო. სამოქმედო ტერიტორიაზე, არეალი იყო პატარა, სადაც ჩავარდნილი იყო პარაპლანისტი. ესენი იყვნენ კლდესთან ახლოს, როცა უნდა დაეწყოთ სამაშველო ოპერაცია, ჩემი აზრით, ამ დროს შეიცვალა ქარის მიმართულება, შეატრიალა შვეულმფრენი და კუდით შეეჯახა კლდეს. შეჯახებისას ინერციით გადმოაგდო უკან და დაიწყო ტრიალი. დაზიანებული უკანა კუდი გადატყდა და გახდა უმართავი", - აცხადებს ქორთოშიძე.

ცნობისთვის, გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა პარაპლანისტი, ტურისტი კი დაიღუპა.

კატასტროფა განიცადა სამაშველო ვერტმფრენმაც, რომელიც დაშავებულების დასახმარებლად წავიდა.

ვერტმფრენმა მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.

შსს-ს ინფორმაციით, სამაშველო ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.