„შეძრული ვარ და ვიზიარებ მშობლების, ოჯახისა და მთელი საქართველოს ტკივილს“ - პრეზიდენტი

ზურაბიშვილი

ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ ორ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება.

„შეუძლებელია ვიპოვო სიტყვები მომხდარზე სასაუბროდ. მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს.
როგორც ადამიანი შეძრული ვარ და ვიზიარებ მშობლების, ოჯახისა და მთელი საქართველოს ტკივილს“,- წერს პრეზიდენტი.

ტრაგიკული შემთხვევისას გარდაცვლილი 13 წლის გოგო მარიტა მეფარიშვილია.

13 წლის გოგო 55-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა. ის დილით მეგობრებთან ერთად ვაკის პარკში იმყოფებოდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, გოგო ბიჭების დასახმარებლად შევიდა შადრევანში.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კიდექსის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.