სამხრეთ კორეაში ბეტონის კედელს მოშლიან, რომელსაც სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა და 179 ადამიანი დაიღუპა

სამგზავრო თვითმფრინავი

სამხრეთ კორეის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, მუანის საერთაშორისო აეროპორტში ბეტონის კედელს მოშლიან, რომელსაც სამგზავრო თვითმფრინავი Jeju Air-ი შეეჯახა და 179 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებლები ჯერ კიდევ იკვლევენ, რამ გამოიწვია Jeju Air Flight 7C2216-ის ჩამოვარდნა, ექსპერტები აცხადებენ, რომ ასაფრენი ბილიკის ბოლოს ბეტონის კედლის არსებობამ, სავარაუდოდ, ავიაკატასტროფა კიდევ უფრო სასიკვდილო გახადა.

ცნობისთვის, თვითმფრინავი ბანკოკიდან მუანის პროვინციაში მიფრინავდა. აეროპორტში დაშვების დროს შასი არ გაიხსნა და პილოტებმა თვითმფრინავი მუცელზე დასვეს, რის შემდეგაც ის საფრენ ბილიკს გასცდა, კედელს შეეჯახა და აფეთქდა.

ავიაკატასტროფის შედეგად 179 ადამიანი დაიღუპა და მხოლოდ 2 გადარჩა, ისინი ეკიპაჟის წევრები არიან. აღნიშნული ავიაკატასტროფა სამხრეთ კორეის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურად არის აღიარებული. შემთხვევა გასულ თვეში მოხდა.