როგორია ამ წუთებში ჩვილის მდგომარეობა, რომელიც მარნეულში დატრიალებულ ტრაგედიას გადაურჩა

მარნეული

მარნეულში დატრიალებულ ტრაგედიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არის 26 წლის ორსული, რომელსაც მეორე დღეს უნდა ემშობიარა.

საბედნიეროდ, ექიმებმა ნაყოფის გადარჩენა შეძლეს.

„შემოყვანილ იქნა 26 წლის 38 კვირის ორსული ქალი. კლინიკაში შემოყვანისას პაციენტი იყო გარდაცვლილი. როდესაც ჩატარდა ექოსკოპია ​დაფიქსირდა ნაყოფის გულისცემა. ნაყოფის გადარჩენის მიზნით სასწრაფოდ შეყვანილ იქნა საოპერაციოში. ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, ბავშვი გადარჩა," - განაცხადა ექიმმა.

„კურიერის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და თავს კარგად გრძნობს.

ტრაგედიის შედეგად დაღუპულია კიდევ ერთი ქალი. დაშავებული ბავშვები და ორსული ქალი, რომელიც გარდაიცვალა - ერთი ოჯახის წევრები არიან.

მარნეულში მეხუთე სართულის აივნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 8 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმე რჩება. ბავშვი გვიან ღამით მარნეულიდან თბილისში, „ამტელ ჰოსპიტალში" გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

შედარებით მსუბუქია 7 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ის ამ დრომდე მარნეულის „ავერსის" კლინიკაში რჩება.