ახალი დეტალები მარნეულში დატრიალებული ტრაგედიიდან - „მეორე დღეს უნდა ემშობიარა“

მარნეული

მარნეულში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ჟურნალისტ ჯეიჰუნ მუჰამედალის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი დღეს აპირებდა გეგმურ მშობიარობას.

„მოვითხოვ, უმოკლეს დროში იყოს გამოძიებული და საჯაროდ დააკავოთ ყველა ის მარნეულის მერიის თანამშრომელი, ვისაც ევალებოდა ავარიული ბინის შემოწმება და კანონის ფარგლებში მიესაჯოთ სასჯელი.

ნუთუ გულამდე არ მიიტანთ გოგოს, რომელსაც ხვალ უნდა ემშობიარა საკეისროთი და ბავშვები ობლად დარჩა. დედას რომ მოიკითხავენ, რა უნდა ვუთხრათ? ელემენტარული საკუთარ თავზე გამოცადეთ იგივე ტრაგედია თუ გაქვთ და შეგრჩათ ნამუსი და სინდისი…!“. - წერს ჟურნალისტი.

საბედნიეროდ, ექიმებმა ნაყოფის გადარჩენა შეძლეს.

„შემოყვანილ იქნა 26 წლის 38 კვირის ორსული ქალი. კლინიკაში შემოყვანისას პაციენტი იყო გარდაცვლილი. როდესაც ჩატარდა ექოსკოპია ​დაფიქსირდა ნაყოფის გულისცემა. ნაყოფის გადარჩენის მიზნით სასწრაფოდ შეყვანილ იქნა საოპერაციოში. ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, ბავშვი გადარჩა," - განაცხადა ექიმმა.

ტრაგედიის შედეგად დაღუპულია კიდევ ერთი ქალი. დაშავებული ბავშვები და ორსული ქალი, რომელიც გარდაიცვალა - ერთი ოჯახის წევრები არიან.

მარნეულში მეხუთე სართულის აივნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 8 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმე რჩება. ბავშვი გვიან ღამით მარნეულიდან თბილისში, „ამტელ ჰოსპიტალში" გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

შედარებით მსუბუქია 7 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ის ამ დრომდე მარნეულის „ავერსის" კლინიკაში რჩება.