„ექიმმა 16 დამაჩქარებელი გამიკეთა, რომ მის "სმენაში" მემშობიარა“ - დედა დღემდე ფიქრობს, რომ მისი შვილი ცოცხალია

klinika

გაშვილება, ჩვილების მოპარვა და გარდაცვლილად გასაღება ქართული საზოგადოებისთვის უცხო აღარ არის. ჯგუფში „ვეძებ“ ყოველდღიურად სხვადასხვა მძიმე ისტორია იწერება, მოქმედება იდენტურია - იმშობიარა, ჩვილი ნახა და შემდეგ უთხრეს, რომ გარდაიცვალა. 

მორიგი ისტორია არის ქალზე, რომელმაც 38 წლის წინ იმშობიარა და განცდა, რომ მისი გარდაცვლილად გამოცხადებული შვილი ცოცხალია, არ ტოვებს.

„პირველ შვილზე თბილისიდან მეუღლის სოფელში მომიწია ჩასვლა, მშობიარობას ორი კვირა მაკლდა, ალბათ, მგზავრობამ იმოქმედა და დააჩქარა. დილით წამიყვანეს სიღნაღის სამშობიაროში, ექიმმა საჩქაროდ 16 დამაჩქარებელი გამიკეთა, რომ მის სმენაში მემშობიარა. დიდი წვალების შემდეგ დაიბადა ბიჭი, 1983 წლის 1-ელ ივნისს, ბავშვმა იტირა, მისი ბოხი ხმა ახლაც ჩამესმის ყურში.

მეორე დღეს ექიმი შემოვიდა ოთახში და მითხრა, ბავშვს ჭიპლარი ყელზე და გულზე ჰქონდა შემოხვეული და ასე, სამი საათი იცოცხლა და დაიღუპა, 1.900 კგ იყოო... ბავშვი არ გვაჩვენეს, არც გამოგვატანეს, არც საბუთი მოგვცეს. მე-5 დღეს გამომიშვეს სახლში ცარიელი ხელით, მაშინ 19 წლის არც ვიყავი, მეუღლე 23-ის.

ადვილად აჯერებდნენ ყველას, მაგრამ ამ მშობიარობას მე ყოველთვის ეჭვით ვიხსენებდი. შეიძლება, ბავშვის წონაც მომატყუეს, დიდი მუცელი მქონდა და მომდევნო ბიჭები 4.200 და 4.100 კგ. გავაჩინე. 38 წელი გული არ ეგუება მის სიკვდილს, ვფიქრობ, ბავშვი გამიყიდეს, ცოცხალია და ვიპოვი“, - წერს ცარო კასრაძე.