დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, „რუსთავის აზოტი“ 50 000 ლარით დაჯარიმდა და სამუშაოები ნაწილობრივ შეუჩერდა

აზოტი

შრომის ინსპექციის სამსახურმა დღეს, რუსთავში მომხდარი შემთხვევის გამო, რასაც ერთი მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი დასაქმებული კი დაშავდა ,,რუსთავის აზოტი“ 50 000 ლარით დააჯარიმა და სამუშაოები ნაწილობრივ შეუჩერა.

შრომის ინსპექციის პირველადი ინფორმაციით „ინციდენტი გამოიწვია კუსტარულად დამზადებული ხარაჩოს ჩატყდომამ. ადგილზე არსებული დარღვევები წარმოადგენს კრიტიკულ შეუსაბამობას, რის გამოც ობიექტი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობის უფლება“.

„შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, 2 წლის განმავლობაში კრიტიკული შეუსაბამობების განმეორებით გამოვლენისთვის განსაზღვრულია ფულადი სანქცია ბრუნვიდან გამომდინარე. შესაბამისად სს ,,რუსთავის აზოტი“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, ასევე დაჯარიმდება 50 000 ლარით. ამჟამად, „რუსთავის აზოტში“ მიმდინარეობს სრული ინსპექტირების პროცესი და დამატებითი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, გატარდება შესაბამისი ზომები“, - ნათქვამია შრომის ინსპექტრების სამსახურის განცხადებაში.