"ორი ადამიანი მძიმე დაზიანებებითაა..." - ხარაჩოს ჩამონგრევისას დაშავებული მუშების მდგომარეობაზე, ექიმი პირველ კომენტარს აკეთებს

სასწრაფო

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმის ნათია გელაშვილის თქმით, რუსთავის აზოტის ქარხანაში დაშავებული ორი მუშის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ექიმის განცხადებით, 40 წლამდე ასაკის ორივე დაშავებული ცენტრალურ საავადმყოფოში დღეს დილით შემოიყვანეს. მათ სიმაღლიდან ვარდნისას მიღებული ზედაპირული დაზიანებები აქვთ. ექიმის თქმით, დაშავებულებს პირველადი დახმარება გაეწიათ. ამჟამად იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ.

რუსთავში, აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე, ამიაკის სინთეზის საამქროს მიმდებარედ მაცივრების რემონტის დროს, ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა. ერთი ადამიანი გარდაცვლილია, ორი - დაშავებული.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის წარმომადგენელი თამაზ დოლაბერიძე ამბობს, რომ "ამიაკის სინთეზის საწარმოს უკან მდებარეობს მაცივარი. მიმდინარეობდა მისი რემონტი. ხარაჩოზე 5 ადამიანი იმყოფებოდა, ჩამოიშალა ხარაჩო და ჯგუფის ხელმძღვანელი ადგილზევე გარდაიცვალა. ორი ადამიანი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ორს ადგილზევე გაეწია დახმარება და სახლში იმყოფებიან. ვფიქრობ რახან მოხდა შემთხვევა ესე იგი არ იყო შრომის უსაფრთხოების ნორმები დაცული".

მომხდართან დაკავშირებით, საწარმოს წარმომადგენლები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.