ზვიად გაბისონია: ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებით მივიღებთ ძალიან ძლიერ ფლაგმან უნივერსიტეტს, რომელსაც ექნება შანსი, საუკეთესო რეიტინგებში მოხვდეს

ზვიად გაბისონია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებით მივიღებთ ძალიან ძლიერ ფლაგმან უნივერსიტეტს, რომელსაც ექნება შანსი, საუკეთესო რეიტინგებში მოხვდეს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ განაცხადა.

გაბისონიას თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

„საუბარი არ არის ერთი უნივერსიტეტის მეორესთან მიერთებაზე, საუბარია გაერთიანებაზე. მოგეხსენებათ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ძალიან ძლიერია ტექნიკურ-ტექნოლოგიური მიმართულებებით, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ძალიან ძლიერია ჰუმანიტარულ-სოციალური მიმართულებით. ასევე მას აქვს უნივერსალური ტიპის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებები. ამიტომ, ვფიქრობთ, ამ მიმართულებით მივიღებთ ძალიან ძლიერ ფლაგმან უნივერსიტეტს, რომელსაც ექნება შანსი, საუკეთესო რეიტინგებში მოხვდეს. ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებული გვაქვს. გუშინ გვქონდა შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, დღეს ვხვდებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და პოზიციების შეჯერების ეტაპზე ვართ. რა თქმა უნდა, კონსულტაციები გაგრძელდება. პარასკევს ასევე დაგეგმილია მინისტრის შეხვედრა და შესაძლებელია, კიდევ უფრო მაღალი ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეხვდნენ შესაბამის პირებს“, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

ცნობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. ამასთან, გაერთიანებული უმაღლესი სასწავლებლების სახელწოდებად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება.