ნიკოლოზ სამხარაძე: არავის მივცემთ უფლებას, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებები შეგვაცვლევინოს

ნიკოლოზ სამხარაძე

„ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებები შეგვაცვლევინოს, მხოლოდ იმიტომ რომ გვამუნათებენ. ჩვენ არ ვმეგობრობთ არცერთ სახელმწიფოსთან ვინმეს წინააღმდეგ, ჩვენ ვმეგობრობთ სახელმწიფოებთან ჩვენი ინტერესების გასატარებლად“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ბოლო პერიოდში არაერთი მსხვილი ქვეყნის ლიდერი იმყოფებოდა ჩინეთში და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებებს აწერდა ხელს, მაშინ როდესაც საქართველოს მხრიდან ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებას კრიტიკა მოჰყვა ცალკეული ევროპარლამენტარისა და კონგრესის წარმომადგენლების მხრიდან. აღნიშნული საკითხი რეზოლუციებშიც აისახა და დაიგმო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებასთან დაკავშირებით.

„ამ დროს ჩვენ ვხედავთ რომ კანადის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ფინეთის, ირლანდიის, ესპანეთის, ესტონეთის, გერმანიის ლიდერები, ბოლო ორი თვის განმავლობაში უმაღლესი დონის ვიზიტებით ჩინეთში იმყოფებოდნენ და საკმაოდ მეგობრული შეხვედრები გამართეს, როგორც ისინი თვითონ ამბობდნენ „ჩინეთის კომუნისტურ ხელისუფლებასთან“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, ორმაგი სტანდარტები მიუღებელია და საქართველო, საგარეო პოლიტიკაში საკუთარი ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს.