პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„რამზან კადიროვი პუტინის დასმულია და ის არ წარმოადგენს ჩეჩენ ხალხს“- პანკისის ხეობაში ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის პოზიციას ანტიეროვნულად აფასებენ.
პანკისის ხეობაში მცხოვრები, სამოქალაქო აქტივისტი სულხან ბორძიკაშვილი ამბობს, რომ კადიროვის ყველა განცხადება და საჯარო გამოსვლა ჩეჩენი ხალხის რეპუტაციას აზიანებს.
„ჩემი პოზიცია ცალსახაა, ეს არის ანტიეროვნული, ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები. ყველა მისი საჯარო გამოსვლა აზიანებს ერის რეპუტაციას. ის არ არის არჩეული, არ წარმოადგენს ხალხს და მისი პოზიცია საერთო ვერ იქნება. ასე ალბათ ისინი ფიქრობენ, ვინც თანამდებობაზე ჰყავს, პუტინის ფულით. ვისაც ახსოვს რუსეთისგან განადგურებული ჩეჩნეთი, კარგად იცის, რომ მას ჰქონდა ანტიეროვნული პოზიცია და მისი ოჯახი წარმოადგენდა ანტიჩეჩნურ დაჯგუფებას. ისეთ რეპრესიებს და მუქარებს ახორციელებს, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში სწვდება, ვინც მის წინააღმდეგ გამოვა. მისმა ქილერებმა თურქეთში, ბელგიაში დახოცეს ადამიანები. კიდევ, ერთხელ ვიმეორებ, მისი პოზიცია, ვერ იქნება ჩეჩნების პოზიცია“,- ამბობს ბორძიკაშვილი.
რამზან კადიროვის პოზიციის შესახებ, პანკისში უხუცესთა კავშირმაც იმსჯელა. ინფორმირებული წყარო ამბობს, რომ უხუცესებისათვის ჩეჩნეთის ახლანდელი მეთაურის განცხადებები, სრულიად მიუღებელია.
„უხუცესთა საბჭო ამ საკითხზე ხმამაღალი პოზიციის გამჟღავნებას ერიდება, მაგრამ ყველასთვის ერთნაირად მიუღებელია მისი მხარდაჭერა პუტინის მიმართ. აქაურებს ჩეჩნეთში მისვლა-მოსვლა აქვთ, ნათესავები ჰყავთ და იმათ უფრთხილდებიან, რომ იქ ვინმე რეპრესიების ქვეშ არ მოაყოლოს. ყველამ იცის, რა დაუნდობელიცაა"- ამბობენ პანკისში.
უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, ჩეჩნეთის მეთაური, რამზან კადიროვი, პუტინის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს და უკრაინის მხარდამჭერ ქვეყნებს, სანქციებით ემუქრება.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი