1741932481
„ყველა შეცდომა, უნდა დამეშვა... არაფრის მრცხვენია...ვერ ვტირი“ - კახაბერ შარტავას გულახდილი ბლიც ინტერვიუ

„პრაიმტაიმი“ „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, ბლიც ინტერვიუს გთავაზობთ. ამჯერად, ჩვენი რესპონდენტი მეოთხე სეზონის მონაწილე, რეჟისორი კახაბერ შარტავაა.
- რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?
- ბავშვობაში ბევრ განათებიან სცენაზე ვოცნებობდი, ავისრულე, მაგრამ ეს ის არ არის, რაც საბოლოოდ მინდა.
- რისი ნიჭი გინდა რომ გქონდეს?
- ნეტავ რისი ნიჭიც მაქვს, ისინი გამომაყენებინა ბოლომდე და ზარმაცი არ ვიყო (იცინის); ხელოვნების ყველა სფერო ჩემთვის სასურველია. სიამოვნებით ვიმღერებდი, დავხატავდი, ვმღერი, მაგრამ ის ხმა არ მაქვს, რომელიც მინდა;
- ყველაზე მეტ დროს უთმობ ...
- ყველაზე მეტ დროს ჩემს პროფესიას ვუთმობ. ასევე ფიქრს, მომყავს მოქმედებაში, რომ მაქსიმალურად ვეცადო ვიცხოვრო ისე, რომ არ დავკარგო ყოველი წუთი და წამი, ერთხელ გვეძლევა სამწუხაროდ და ძალიან სწრაფად გადის. მერე ყოველი უქმად გატარებული დრო მენანება...
- დედაჩემი მომკლავს თუ...
- ეს ის შემთხვევაა, რაც უნდა გავაკეთო, დედაჩემი გულში ჩამიხუტებს...
- სად იცხოვრებდი?
- ვიცხოვრებდი საქართველოში, მაგრამ ისეთ ადგილას, სადაც დიდი სივრცე და ხედი იქნება, მექნება იმ სუფთა ჰაერის და თავისუფლების შეგრძნება, რომელიც რეალურად ამ ქვეყანაშია და არა ბეტონებში გამოჭედილი, როგორც დღეს ხდება...
- რამ გაგაოცა ბოლოს?
- ბოლოს ადამიანების ტყუილმა და იმ დიაპაზონმა გამაოცა, რომელსაც ისინი გვაჩვენებენ.
- პირველი სამსახური იყო...
- 15 წლის ასაკში სარეკლამო აგენტად დავიწყე მუშაობა, გაზეთებს ვარიგებდი სხვადასხვა კომპანიაში...
- რით ხარ გამორჩეული?
- ალბათ იმით, რომ ჩემი თავი ნაპოვნი მყავს და მასთან ვმეგობრობ...
- რით ხარ უკმაყოფილო?
- ზარმაცი ვარ. რამდენადაც ვუფრთხილდები ყოველ წუთსა და წამს, იმდენად მაქვს ბრძოლები: - „კახა, არ შეიძლება ასე!“ მაგრამ ძალიან ზარმაცი ვარ... სავარაუდოდ, სიზარმაცეს ვეღარც ვუშველი (იცინის)
- რის გარეშე ვერ იცხოვრებ?
- ვერ ვიცხოვრებ თავისუფლების, სივრცის გარეშე, ვერ ვიცხოვრებ ტყუილში...
- ყველაზე მეტად რისი გრცხვენია?
- არაფრის მრცხვენია და გეტყვით რატომ: ყველაფერი რაც ჩამიდენია, ჩემს სასიკეთოდ გამომიყენებია და ყველა ჩემი ჩადენილი საქციელი, რომელიც შეიძლება იყოს სამარცხვინო, მიყვარს, რადგან ამან გამზარდა.
- სამი სიტყვით დაახასიათე საკუთარი თავი
- ზარმაცი, აუტანლად პირდაპირი და ძალიან ესთეტი.
- ბოლოს რაზე იტირე?
- ვერ ვტირი. როცა ყველაზე დიდი სტრესი მაქვს, თავზე საბანს ვიფარებ და ვიძინებ. ჩემი ტვინი რაღაც ინფორმაციებს როცა ვეღარ უძლებს, დაბლოკვას იწყებს. ზოგადად, როცა ყველაზე დიდი სტრესი მაქვს და როცა ყველაზე ძალიან მიჭირს, მარტო ვრჩები. ხომ არის, რომ მეგობარი უნდა გყავდეს გვერდით, ან სადმე უნდა წახვიდე, არა... მე უნდა დავრჩე მარტო, ამ დროს, შეიძლება კონტაქტზე კვირებიც არ გავიდე.
იყო პერიოდი, როცა ძალიან დეპრესიული ვიყავი, იმ დონეზე, რომ ფსკერამდე დავედი... ზუსტად მაშინ ამოვყვინთე ყველაზე მაგრად. ამ დეპრესიამ გამზარდა და ცხოვრება გადააფასა. ეს იყო ერთგვარი არმაგედონი. ახლა ძალიან მარტივად ვერევი ყველაფერს.
- რამ გამოიწვია ეს დეპრესია?
- სულ სხვისთვის ვცხოვრობდი, მივხვდი, რომ ჩემი თავი სადღაც იყო... შემდეგ ჩემსა და ჩემს თავს შორის დიდი ბრძოლა დაიწყო. საბოლოოდ, დავმეგობრდით და ერთმანეთი გვიყვარს.
- მომენტი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება...
- ბევრია, ყველა მომენტი თავისებურად ეგოისტია. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, როცა ჩემს ძმისშვილს პირველად ჩავეხუტე. ის ჩემთვის ყველაფერია... მისი სუნი, თვალები, მისი სიტყვა... ახალი სიცოცხლის სუნი რომ შევიგრძენი, მაშინ მივხვდი, რომ კიდევ ერთი დიდი სუნთქვა გამეხსნა. რაღაც პერიოდში, ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა, მაშინ ვთქვი, სულ ეს იყო ცხოვრება-თქო? შემდეგ ეს რომ გადავლახე, სიცოცხლის დაფასება დავიწყე. ბევრი არმაგედონის და დეპრესიის შემდეგ. მაგრამ ნამდვილი სიცოცხლის სუნი ახალდაბადებულ ბავშვს აქვს და ეს ყველაზე დასამახსოვრებელია...
- რას ნანობ?
- არაფერს ვნანობ, საერთოდ... როგორც წეღან ვთქვი, ყველაფერი რაც გავაკეთე და ყველა შეცდომა, რომელიც დავუშვი, უნდა დამეშვა, როგორც ვიცხოვრე, ისე უნდა მეცხოვრა...
- რას შეცვლიდი?
- ჩემს ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი. მიუხედავად იმისა, რომ შემეძლო უფრო მეტისთვის მიმეღწია და დღეს უფრო წინ ვყოფილიყავი, მაინც ვფიქრობ, საინტერესო ცხოვრება იყო... უქმად დაკარგული დროსაც არ ვნანობ. ის რომ არ დამეკარგა, ამას ვერ დავაფასებდი. ყველაფერს აქვს თავისი გამოძახილი.
- ოქროს თევზისთვის ერთი სურვილი იქნებოდა...
- მინდა, დედა სულ ჯანმრთელი მყავდეს...
- სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ...
- Carpe diem
[ლათინური აფორიზმი. ითარგმნება, როგორც „მოწყვიტე დღე“, ისარგებლე დღევანდელი დღით, მომენტი არ გაუშვა. გამონათქვამი ეკუთვნის რომაელ პოეტ კვინტუს ჰორაციუსს].