1779381382
ლატვიაში ზედიზედ მესამე დღეა საჰაერო განგაშს აცხადებენ
ლატვიაში დღეს დილით კვლავ საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. ინფორმაციას ქვეყნის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.
ამჯერად განგაში რუსეთთან და ბელარუსთან მოსაზღვრე სამ რეგიონში გამოცხადდა. აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს ხელისუფლება უსაფრთხო ადგილას გადასვლას ურჩევს და საეჭვო მფრინავი ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში 112-ში დარეკვას სთხოვს.
„ნატოს მოკავშირეებთან ერთად საჰაერო სივრცის მუდმივ მონიტორინგს ვახორციელებთ, რათა შესაძლებლობა გვქონდეს დაუყოვნებლივ ვუპასუხოთ ნებისმიერ საფრთხეს. აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შესაძლებლობები, დამატებითი ქვედანაყოფების მოზიდვით, გავაძლიერეთ. სანამ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება, ინციდენტები, რა დროსაც უცხოური უპილოტო საფრენი აპარატები ლატვიის საჰაერო სივრცეში შეიჭრებიან, განმეორდება“, - აღნიშნულია ლატვიის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.
ცნობისთვის, ლატვიაში მესამე დღეა დრონების შეჭრის გამო საჰაერო განგაშს აცხადებენ. ანალოგიური განგაში გამოცხადებული იყო გუშინ და გუშინწინაც.












