1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ექიმი ფიქრია შიომღვდლიშვილი სოციალურ ქსელში თავისი პროფესიის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ოდესმე ვრცლად დავწერ ჩემს ყველა განცდაზე, რაც გამომიცდია იმ ამპლუაში, რასაც სასწრაფოს ექიმობა ჰქვია…
ეს ემოციები მარტო ჩვენია, სასწრაფოს გოგო-ბიჭების, სხვა კი არა, ბევრი კოლეგაც ვერ გაიგებს ბოლომდე რა გრძნობაა, როცა მხოლოდ ორი ადამიანის ოთხი ხელი ებრძვის სამყაროში დაუმარცხებელ მოვლენას - სიკვდილს… შემდეგ ამ ოთხ ხელს კიდევ ორი ხელი ემატება და სასწრაფოს ბრიგადაში მყოფი სამი ადამიანი ბუნების კანონზომიერების, სამედიცინო კაზუისტიკების წინააღმდეგ მივდივართ, ვხდებით არამარტო პაციენტის, არამედ ერთმანეთის მოკავშირე, საყრდენი, სტიმული, იმედი, მშველელი…. ამ დროს ეს ექვსი ხელი ერთიანდება და ღმერთმა ნუ ქნას, რომელიმეს ხელი სუსტი აღმოჩნდეს, ყველაფერი თავდაყირა დგება…
არის მომენტები, როდესაც მანქანის კაბინაში ვეღარ ჩერდები, გინდა გადახვიდე და გაიქცე, როგორმე მოასწრო მიხვიდე იქ, სადაც „ღმერთმა გადამარჩინა“ -ს სათქმელად თავად უფალი გგზავნის...
ეს ის მომენტებია, როდესაც არ გახსოვს არც ოჯახი, არც პირადი პრობლემები, საერთოდ არაფერი და არავინ, ხელებზე ხელთათმანით, მოზღვავებული ადრენალინით და გახშირებული გულისცემით სივრცის გარღვევას ცდილობ, რათა ვიღაცის გული არ გაჩერდეს და დროზე ადრე არ დატოვოს ბებერი, მრგვალი დედამიწა...
ბევრმა არ იცის, რას ნიშნავს თვეების შემდეგ იმ ადამიანების ნახვა, რომლის სიცოცხლის გადასარჩენად მთელი ენერგია ჩადე და მძიმე მდგომარეობის გამო, ცოცხალიც აღარ გგონია...
არ იცით, რანაირი ემოციაა გადარჩენილი პაციენტი, ან მისი ოჯახის წევრი თქვენს ხელს ხელში რომ მოიქცევს და აწყლიანებული თვალებით გეტყვით მადლობას...
ყოველი მორიგეობის მიწურულს ვფიქრობ რომ მორჩა... რომ მე ამ გადაღლას ვეღარ გავუძლებ, რომ გაქცევა მინდა…
მაგრამ, შემდეგ სულ,სულ,სულ ყველაფრის მიუხედავად იაზრებ, რომ გუშინ, შენ შენი ჩვეულებრივი ხელებით, რომელიც არც ჯადოსნურია და არც სასწაულმოქმედი, სიკვდილს ირონიული ალიყური გააწანი და გააძევე კიდევ ერთი ადამიანის ცხოვრებიდან, იხსენებ და ხვდები, რომ ყველაფრის მიუხედავად, ეს ემოცია ათას დაღლად ღირდა…“, - წერს ფიქრია შიომღვდლიშვილი.