ვინ შესთავაზა ცოლობის სანაცვლოდ, 500 ათასი დოლარი მაკა ხიზანიშვილს

მაკა

ყოფილი წყალბურთელი და ბოდიბილდერი მაკა ხიზანიშვილი იმის მაგალითია, თუ როგორ შეუძლია ადამიანს ნებისმიერ რთულ სიტუაციაში სულიერად არ დაეცეს, წინაღობების გადალახვისას კიდევ უფრო გაძლიერდეს, იყოს მუდამ ფორმაში, დაისახოს მიზანი და მის მისაღწევად ბევრი იშრომოს. მის ცხოვრებაში, მიუხედავად ბევრი რთული პერიოდისა, არაერთი წარმატება იყო. ის ჟურნალ „სარკესთან“ ცხოვრების სირთულეებზე საუბრობს. 

„მართალია, არაერთი რთული დღე იდგა ჩემს ცხოვრებაში. დედის ავადმყოფობა და გარდაცვალება, მამის ავადმყოფობა და ტრაგიკული დაღუპვა, ბიზნესის დაკარგვა, რამდენი ერთი ჩამოვთვალო... მამის ნევროლოგიურ პრობლემებს, დედის მძიმე დიაგნოზი დაემატა, დიდი ტანჯვის გადატანა მომიწია. მძიმე გასახსენებელია ახლა ის დრო, ყველაზე რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ოცდაათი წლის ვიყავი, როცა მამა ავარიაში მოჰყვა, მანქანა დაეჯახა, დაუზიანდა ხერხემალი და ტვინი. ერთი თვე რეანიმაციაში იწვა. მართალია გადარჩა, მაგრამ პრობლემები დაუტოვა. აგრესიული გახდა, რასაც ადრე არ აკეთებდა, იმის კეთება დაიწყო - არ ეწეოდა და მერე დღეში ორი კოლოფი სჭირდებოდა, ყავას არ სვამდა და ისიც დაიწყო, ოჯახის წევრების მიმართ აგრესიული გახდა, მოკლედ, ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა.

ორმოცდაერთი წლის რომ ვიყავი, დედის დაავადების შესახებ საკმაოდ ცუდი დიაგნოზი გავიგე. საირმეში იყო დასასვენებლად, ბებია გარდაიცვალა, დავურეკე, ჩამოდი-მეთქი. მითხრა, ძალიან სუსტად ვარ, რომ დავდივარ მალე ვიღლებიო.

ვუპასუხე: ნუ გეშინია, რომ ჩამოხვალ გაგივლის, რაც მეტს იმოძრავებ, უკეთესია-მეთქი. რომ ჩამოვიდა, ექიმს გაესინჯა და მან უთხრა, ალერგიული ხველააო და დაუნიშნა წამლები. ამის მერე სისუსტემ იმატა, გადადგამდა რამდენიმე ნაბიჯს და ისე იღლებოდა, უნდა დამჯდარიყო. დაქალი გაჰყვა ექიმთან, ფილტვებზეა პრობლემა და გადავამოწმოთო. ვიფიქრე, ალბათ, გაცივდა და ფილტვების ანთება აქვს-მეთქი. დედამ მითხრა, ექიმთან შემდეგ ვიზიტზე უნდა გამომყვეო. იქ კი გავიგე, რომ დედას სიმსივნე აქვს. ეს იყო ჩემთვის ყველაზე საშინელი მომენტი. დედას ბოლომდე არ გაუგია, ვუმალავდი. ამის შემდეგ 4 თვეში გარდაიცვალა, ხელებში ჩამაკვდა და ისეთი დეპრესია დამემართა, ისეთი ნევროზი ავიკიდე, ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. მამასთან გადავედი საცხოვრებლად და მას ვუვლიდი. დედის გარდაცვალების შემდეგ, მამა სამ წელიწადში გარდაიცვალა. გამიჭირდა მშობლების გარდაცვალების გადატანა. მშობლების გარდაცვალება და ფინანსური კრიზისი, ის ორი მიზეზი იყო, რის გამოც ღრმა დეპრესიაში ჩავვარდი. ვიღებდი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს და ყველანაირი კონტაქტი გავწყვიტე გარე სამყაროსთან. ცამეტი წელი ბიზნესი მქონდა - ქალისა და მამაკაცის თეთრეულის მაღაზიათა ქსელი.

გარემოებებიდან გამომდინარე, ქვეყანაში სიტუაცია რომ დაიძაბა, გავკოტრდი და დავრჩი სრულიად ნულზე. ანუ, ერთ დილასაც დავრჩი ყველაფრის გარეშე. მიუხედავად ამისა, ჩემი პრობლემა არავისთვის მომიხვევია თავზე, ბავშვობიდან ჩემს პრობლემებს თავად ვუმკლავდებოდი. მიმტანად დავიწყე მუშაობა. ბიზნესის გაკოტრების მერე ფარ-ხმალი არ დამიყრია და ძალიან კარგ სიტუაციაში აღმოვჩნდი. დილით ვვარჯიშობდი და მერე კუს ტბაზე ვმუშაობდი დილიდან საღამომდე. ექვსი წელი ვიმუშავე მიმტანად. სხვათა შორის, იმ პერიოდში, კაფეში შემოდიოდა ერთი მამაკაცი. საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავდა და დამაინტერესა, ვინ არის-მეთქი. აღმოჩნდა არაბი შეიხი. მოკლედ, მოვეწონე და ერთ დღესაც, ცოლობის სანაცვლოდ, 500 ათასი დოლარი შემომთავაზა. გამეცინა და უარი ვუთხარი (იცინის). ბევრი ვერ დაიჯერებს ამ ამბავს, მაგრამ უნდა გენახათ, უარი როგორ გაუკვირდა“,- ამბობს მაკა. 

ასევე ნახეთ:

👉 „უმაგრესი ქალია მზია გეწაძე, კარგად შეანჯღრია საზოგადოება, დაამსხვრია მახინჯი სტერეოტიპები...“ - მაკა რაზმაძე

👉 VIDEO: "არც ვიცოდი, ასეთ ფორმაში თუ იყო... ახლანდელ ბოდიბილდერებს არაფრით ჩამოუვარდებოდა" - მაკა ხიზანიშვილი იუბილარ გივი სიხარულიძეზე

👉 „გადაღებულია მკვლელობის მომენტი...“ - ვინ არის დიდუბეში მოკლული 20 წლის ბიჭი - ტრაგედიის ახალი დეტალები