„ვინ გაავრცელა სააკაშვილის სურათები? ეს არის მტრული განზრახვა“ - გიული ალასანია

გიული ალასანია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ არ იცის როგორ მოხდა მისი შვილის ფოტოების გავრცელება.

„ჩემს შვილს ეს ინფორმაცია არ ჰქონდა. ახლა, როგორც ყოველთვის, იწვა. მის გვერდით ვიჯექი. ტელევიზორში ჩართული იყო კიევი და უცბად უკრაინა აჩვენებს ამ ფოტოებს. ამბობენ, რომ იმასთან შედარებით 10 კილო აქვს დაკლებული. უკაცრავად, 10 კი არა, 25 კილო აქვს დაკლებული. ლანდიც აღარ არის, რაც იყო. ვინც ეს გაავრცელა, ეს არის მტრული განზრახვით გავრცელებული, რათა ეჩვენებინათ, რომ მშვენივრად არის.

მე არ ვიცი, როგორ მოხდა ფოტოების გავრცელება, ძალიან გაკვირვებული ვარ. ვიღაცამ ამერიკელ ადვოკატსაც კი დაურეკა და კაცი აღშფოთებული იყო, მე არავითარი სურათი თვალით არ მქონდა ნანახიო. ვიღაცას უთქვამს ოჯახმა გაავრცელაო, რომელმა ოჯახმა, ძალიან მაინტერესებს. საიდან მქონდა მე, საიდან მიმესვლებოდა. ეს მასალები დალუქული შედის სასამართლოში და შემდეგ მხოლოდ ადვოკატს აქვს უფლება. გავრცელებაზე არავის თანხმობა არ იყო. ჩემს თვალწინ პირველად დაინახა", - აღნიშნა გიული ალასანიამ.

კითხვაზე, „რამდენად სურს ოჯახს, საზოგადოებამ ახლა ნახოს მიხეილ სააკაშვილი", გიული ალასანიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი აქამდეც გამოთქვამდა სურვილს, ჩართულიყო სასამართლო პროცესში.

„სასამართლოზე ჩვენ დღეს არ გვისაუბრია, თუმცა აქამდე სულ გამოთქვამდა სურვილს, მისულიყო. ამ მდგომარეობაში, საკაცით იქნებოდა, თუ ეტლით, არ ვიცით, მაგრამ ყველა ფორმით მისვლაზე იყო თანახმა, რომ სასამართლოზე ყოფილიყო", - განაცხადა ალასანიამ.