გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
სააკაშვილის შესახებ მოსამართლე გადაწყვეტს თავისი შეხედულებით, იმ დასკვნიდან გამომდინარე, რომელიც ხელთ ექნება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.
„მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება და ემოცია, მაგრამ სასამართლო რას გადაწყვეტს, ეს მისი გადასაწყვეტია. დადებითი, თუ უარყოფითი გადაწყვეტილება ორივე პოლიტიკურად მოტივირებული იქნებაო, „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმიტომ ფიქრობენ, რომ ასე მართავდა სააკაშვილი. ვისაც უნდოდა, სასამართლოთი, თუ სასამართლოს გარეშე ციხეში ჩაამწყვდევდა და ვისაც უნდოდა, გარეთ გამოუშვებდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, მოსამართლე, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, თავისი გადაწყვეტილებით ისტორიაში უნდა შევიდეს და აქედან გამომდინარე, მარტო თავის სინდისთან და ხალხთან კი არ უნდა იყოს მართალი, მან ზუსტად უნდა შეასრულოს ის საკანონმდებლო აუცილებლობები, რომელიც წინ უდევს.
„თვითდაზიანებას მიიყენებს მოსამართლე, რომელიც მიიღებს არასწორ გადაწყვეტილებას. სასჯელს გადაუვადებს, თუ არა გადაუვადებს, თუ პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას მიიღებს, ან იქით, ან აქეთ, რასაკვირველია, ეს მისთვის მორალური პასუხისმგებლობაც არის, ხომ?“, – განაცხადა ვოლსკიმ.
როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, მოსამართლეს არ აქვს მოტივაცია, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას აჰყვეს.
„მოსამართლეს არ აქვს ასეთი მოტივაცია და ვერ ექნება. იმიტომ, რომ მოსამართლეს ვერც შეაშინებ, ვერც დავალებას მისცემ და თუ ხელი წაგიცდება და დავალებას მისცემ, შეიძლება, მეორე თუ არა, მესამე დღეს ამ საკითხებში შენი ჩართულობა გამომჟღავნებული იქნას და ძალიან ცუდ დღეში ჩავარდები. როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, იღებს ყურმილს ვინ, ბიძინა ივანიშვილი, როგორც ესენი ამბობენ და მოსამართლეს ეუბნება, არ გამოუშვათო? თუ ასეთი რამ წარმოგიდგენიათ და თუ შეიძლება, ამ ვითარებაში ასეთი წარმოდგენა შეგექმნათ, ესე იგი, ძალიან ცუდ დღეში ხართ. როგორ შეიძლება, ეს დაუშვა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა შეფასებას მისცემს ნინო ლომჯარიას მიერ მოწვეული ერთ-ერთი ექიმის განცხადებას იმის შესახებ, რომ სიმპტომური მკურნალობით შედეგი ვერ მიიღწევა, რადგან არ იცვლება გარემო, რომელმაც სააკაშვილის პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა გამოიწვია და, რასაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მოჰყვა, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ უხერხულია ამდენი ლაპარაკი იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი არასათანადო გარემოში იმყოფება.
„ბოლო-ბოლო, რა კურდღელია ასეთი, რა გარემომ შეუწყო ხელი მის დათრგუნვას? რა გარემო აქვს ისეთი და იმაზე უარესი, რაც თვითონ შეუქმნა ადამიანებს, ვინც ელექტროდენით აწამეს? ვერ გავიგე, რა არის მოულოდნელი? გარემოსთან დაკავშირებით ამდენი ლაპარაკი უხერხულია. თან, კი ბატონო, ეს ყველაფერი განკურნებადია, მაგრამ იცით რა, ამ გარემოში განკურნების სურვილი არ გააჩნიაო. არ უშვებთ იმას, რომ სწორედ ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღო 9 დეკემბერს, მას აქვს ასეთი ამოცანა, რომ სწორედ გარემოს მიმართ შიში გაითამაშოს და სულაც არ აპირებდეს დაუბრუნდეს თავისი სასჯელის მოხდას?“, – განაცხადა ვოლსკიმ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს გიორგი ვაშაძის დღევანდელ განცხადებას, რომ მცდელობის და სურვილის მიუხედავად პარლამენტის თავმჯდომარემ მას მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის საშუალება არ მისცა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ შეიძლება, გიორგი ვაშაძე რაღაც გარემოებათა გამო არ შეუშვეს, მაგრამ ფაქტია, ამდენი რაოდენობის ადამიანი, რამდენიც სააკაშვილს ნახულობს, მსოფლიოში არც ერთ პატიმართან არ ყოფილა მისული.
„იტალიელები რომ ეძახიან მატყუარა ადამიანებს პინოქიოს, აბსოლუტურია გიორგი ვაშაძეზე. მე ასეთი მატყუარა ადამიანი არ მინახავს. თან, ხანდახან, სასაცილოც არის ხოლმე, მოჭიდავეებმა უნდა მცემონ და პარლამენტის დარბაზში ვერ შევდივარო, რომ თქვა, გამიკვირდა, მაგრამ მერე მივხვდი, უცხოელებს აჩვენებდა, რომ ჩვენ, „ქართული ოცნება“ მოჭიდავეები და ბოქსიორები ვართ და უნდა ვცემოთ გიორგი ვაშაძე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.