საბავშვო ბაღი

VIDEO: საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საბავშვო ბაღი გაიხსნა

იუსტიციის სამინისტრო პირველი სახელმწიფო უწყებაა საქართველოში, სადაც თანამშრომელთა შვილებისთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შენობაში საბავშვო ბაღი გაიხსნა.

უწყების ცნობით, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთ სივრცეში გაატარონ სამუშაო საათები და ამავდროულად, მათი პატარები აღნიშნული ბაღის აღსაზრდელები იყვნენ.

„საბავშვო ბაღი აღჭურვილია კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით, სათამაშო მოედნებითა და უსაფრთხოების სისტემით. ბაღი აკმაყოფილებს ყველა იმ სტანდარტს, რაც ბავშვთა სწორი განვითარებისთვის არის დადგენილი.

საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში გახსნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით დევიძემ. ღონისძიებას სააგენტოს თანამშრომლები, ბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ბაღის აღსაზრდელები ესწრებოდნენ.

სამუშაო სივრცეში საბავშვო ბაღის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. იუსტიციის სამინისტრო, როგორც მაღალი კორპორატიური კულტურის მქონე სახელმწიფო უწყება, ყოველთვის ზრუნავს, სისტემის თანამშრომლებს კომფორტული სამუშაო გარემო შეუქმნას. აღნიშნული სიახლე მათ დროის ეფექტურად დაგეგვმასა და პროფესიულ წინსვლაში დაეხმარებათ.“ - ნათქვამია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მთავარი სიახლეები