VIDEO: „ის ერთი ნაჭერი ობიანი შავი პური გავიყოთ, ოღონდ შენთან წამიყვანე-მეთქი…“ - ლაშა გურგენიძის ემოციური ისტორია დედაზე

ლაშა გურგენიძე

მსახიობი ლაშა გურგენიძე „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარი იყო, სადაც უპასუხა კითხვას, აღმოჩენილა თუ არა ბავშვთა სახლში სიღარიბის გამო.

„იყო პერიოდი, კუპონები, 90-იანი წლები… დედაჩემი ექიმი იყო. ისე მოხდა, რომ ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი დაიხურა, დარჩა უმუშევარი. შავი პურიც კი არ გვქონდა სახლში. ასეთი პერიოდიც იყო. მაშინ ექვსი წლის ვიყავი. დამისვა და გულწრფელად მითხრა, იცი, რომ მე ეს ყველაზე მეტად არ მინდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს, დროებით, ვიდრე სამსახურს ვნახავ, სახლში მშივრები რომ არ ვისხდეთ, წყნეთის ბავშვთა სახლში უნდა იყოო… ჩემთვის იყო ძალიან რთული, ვიტირე კიდეც, მაგრამ აბსოლუტურად გავუგე… დავსხედით და ამაზე ვისაუბრეთ.

დედა ჩემთვის დღემდე ღმერთია, სამყაროზე და საკუთარ თავზე მეტად მიყვარს. დავთანხმდი ამას. დაახლოებით თვენახევარს გაგრძელდა ეს ყველაფერი. იქ ვიყავი ძალიან ცუდად. სულ მენატრებოდა. რა თქმა უნდა, მოდიოდა, მნახულობდა, ვურეკავდი კიდევაც, ვეუბნებოდი, მალე წამიყვანე აქედან, შენთან ყოფნა მინდა-მეთქი…

ერთ დღეს ყარაულის ჯიხურში შევიპარე, სადაც ტელეფონი იყო და იქიდან დავურეკე. დედა, ძალიან ცუდად ვარ, გთხოვ, წამიყვანე-მეთქი. რატომ, რა გჭირსო, სიცხე მაქვს-მეთქი, ვუპასუხე. რამდენი გაქვსო, მეგონა, რაც უფრო მაღალ სიცხეს ვიტყოდი, მით უფრო კარგი იქნებოდა და 42-მეთქი. ის ერთი ნაჭერი ობიანი შავი პური გავიყოთ, ოღონდ შენთან წამიყვანე-მეთქი… მეორე დილას ამოვიდა, ბევრი ვისაუბრეთ ამაზე. მერე ნახა სამსახური და წამომიყვანა. მუშაობდა, მთელი ღამე კერავდა, სულ რაღაცას იგონებდა, რომ დამატებითი შემოსავლის წყარო გვქონოდა, რადგან მარტო მე და დედა ვიყავით…“,- ამბობს ლაშა.