დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ქეთევან გულაღაშვილი იმ რვა ადამიანთაგან ერთ-ერთია, ვინც 29 ივლისს, გუდაურში, სამაშველო ოპერაციის დროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა. ამ ტრაგედიის ერთადერთი ქალი, ექიმი იყო, სასწრაფო დახმარების ბრიგადაში, გიორგი ვენეცკისთან ერთად მუშაობდა. გიორგიც გუდაურის ტრაგედიის გმირია.
ქეთი კახეთიდან იყო. დედა ტრაგედიამდე ორი დღით ადრე ნახა. იმ დღეს დაურეკა და უთხრა, ხვალ ჩამოვალ და გნახავო... "ხვალ" აღარ გაუთენდა...
ქეთის მისი კოლეგა, გვანცა ღვინაშვილი იხსენებს.
გვანცა ღვინაშვილი: - სამართლიანი გოგო იყო, მეგობრული და თბილი. უანგარო ექიმი გახლდათ. მუნიციპალურ თავშესაფარშიც მუშაობდა და გიჟდებოდა მოხუც ბენეფიციარებზე. ყველას ისტორია შესწავლილი ჰქონდა და ვისაც შვილები ყურადღებას არ აქცევენ, ქეთი შვილივით ექცეოდა. განიცდიდა მათ ამბავს, ტიროდა. არა მხოლოდ ექიმი, პირველ რიგში ადამიანი იყო. ზედმეტს არავისზე არ იტყოდა. ვინმე თუ აწყენინებდა, პირდაპირ ეტყოდა, კახურად.
იმ დღეს მხიარულები იყვნენ ქეთიც და გიორგიც. დაგვემშვიდობნენ, წავიდნენ და წავიდნენ. მერე ეს შოკის მომგვრელი ამბავი გავიგეთ. არ ვიჯერებდით. არ ვიცი, ეს მდგომარეობა როდის გაგვივლის.
ქეთი 44 წლის იყო. ოჯახი არ ჰყავდა. არ გამიგია, რომ ვინმეს ხვდებოდა. მე ვეხუმრებოდი, შენ გულის კარი გამოკეტილი არ გექნება-მეთქი. თუ უფალს უნდა რაღაც იქნებაო, ამბობდა.
მორწმუნე იყო. 12 ივლისს პეტრე-პავლობას დაბადების დღე ჰქონდა, ეზიარა. მითხრა, ბევრი მირეკავდა, მილოცავდა, მაგრამ მე არავის ნახვა არ მინდოდაო. უცებ დედა მომენატრა, დავჯექი მანქანაზე, ჩავედი კახეთში და გავახარე. კარგა ხანი ვიჯექი ეკლესიის ეზოშიო. ასე ეზიარა საკუთარ დაბადების დღეზე უკანასკნელად და 17 დღეში წავიდა...