„უანგარო დონორი იყო წლების განმავლობაში, დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში“ - მფრინავი დიმიტრი ქააძის მეუღლე

დიმიტრი ქააძე

გუდაურის საბედისწერო ტრაგედიის დროს დაღუპული მფრინავის დიმიტრი ქააძის მეუღლე, ანი გელოვანი „ღამის პრაიმტაიმთან“ იხსენებს, როგორ შეიტყო უბედური შემთხვევის შესახებ.

„სოციალური ქსელით შევიტყვე, არ ვიცოდი გაფრენილი, რომ იყო. ბოლო სამუშაო კვირა იყო, პირველი აგვისტოდან შვებულებაში გადიოდა. ვთხოვე, ცოტა ადრე გასულიყო, მაგრამ არაო, რამე რომ მოხდეს სამსახურში უნდა ვიყოო. 5 საათზე შევედი და პირველივე სიახლე, რაც იყო ყველა ჯგუფს გადაზიარებული ჰქონდა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი აფეთქდაო.

იმ წუთშივე დავრეკე, მნიშვნელობა არ ჰქონდა მაშინ იქ ვინ იქნებოდა, ყველა ჩემი მეგობარი იქნებოდა, იმიტომ რომ მეც იქ ვმუშაობ დიდი ხანია ერთად მოვდივართ. 

რომ დავრეკე და დიმასთან არ გავიდა ზარი, იმ წუთშივე მივხვდი, რომ დიმა იქნებოდა... ეს ამბავი რომ მომხდარიყო და დიმა არ ყოფილიყო აუცილებლად დამირეკავდა და მეტყოდა ანი არ ინერვიულო, მოხდა სამწუხარო ფაქტი, მაგრამ მე არ ვარ იქ. მაგრამ დიმამ არ დამირეკა...

ბოლოს იყო ჩხოროწყუში, მეთევზეები რომ გადაარჩინეს, რაც გავრცელდა სოციალური ქსელით და რაც ხალხმა ნახა. რამდენი სამაშველო ოპერაცია ჩაუტარებიათ ჩვენს მფრინავებს ეს არავინ იცის, მათ თვითონ იციან. უანგარო დონორი იყო წლების განმავლობაში, დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში“, - ამბობს ანი გელოვანი.