უნიკალური ფოტოს რეალური ისტორია - რას ამბობს ვაჟა-ფშაველას შთამომავალი

უნიკალური ფოტო ფშავიდან

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა უნიკალური ფოტო მასალა, რომელიც 1911 წელს ლაშარობის რიტუალის დასრულების შემდეგ არის გადაღებული.

კადრზე სალოცავში შეკრებილი ფშაველები არიან აღბეჭდილნი. სპეციალისტები და ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ სურათის ცენტრში, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პერსონა, მწერალი, ვაჟა ფშაველა დგას.

როგორც მწერლის შთამომავალი, ლელა რაზიკაშვილი „პრაიმ ტაიმთან“ საუბარში აცხადებს, გარდა ფიზიკური მსგავსებისა , არსებობს ლოგიკური დასაბუთებაც, რომ ეს პირი ნამდვილად ვაჟა ფშაველაა.

მისი თქმით, იმ პერიოდში, ფოტოგრაფია ფუფუნების საგანს წარმოადგენდა, გარდა ამისა, აპარატურა გადასატანად მოუხერხებელი და მძიმე იყო, რომელიც დამატებით რესურსებს საჭიროებდა, შესაბამისად, მნიშვნელოვანი ინტერესი რომ არა, ფოტოგრაფი ლაშარობის რიტუალს არ გადაიღებდა.

„ ეს ფოტო აღმოაჩინეს რუსულ  საიტებზე. ძალიან დიდ მადლობა იმ ადამიანებს, ვინც აღმოაჩინა და გაავრცელა  საქართველოში. ახლა უკვე  დაახლოებით ვიცით, რომელ ორგანიზაციაშია. ჯერ არ მინდა, წინასწარ უფრო მეტის თქმა,  ვმუშაობთ, როგორმე მეტი ინფორმაცია მოვიპოვოთ ფოტოს შესახებ. მთავარი არის ის, რომ ფოტოა გადაღებული  ლაშარში 1911  წელს და ფოტოზე, ცენტრალურ ადგილზე, დგას ადამიანი, რომელიც, 90% -იანი ალბათობით,  ვაჟა ფშაველაა. ყველა ექსპერტს, ყველა შთამომავალს და ყველა ადამიანს, ვისაც აინტერესებს, ეჭვი არ ეპარება, რომ ეს ვაჟაა.

არა მხოლოდ  ანატომიური აგებულებით, დგომის მანერით,  ფიზიკური აღნაგობით, არამედ, ლოგიკურადაც ვფიქრობთ, რომ ვაჟაა, იმიტომ, რომ ამ პერიოდში ვაჟა ფშაველა იღებდა მონაწილეობას ლაშარობაში, რომელიც სახატე რიტუალია.

ამ პერიოდში, ფოტოგრაფია იყო ძალიან დიდი ფუფუნება, და ხატობის რიტუალის გადაღებაზე, ვაჟა ფშაველა, რომ არ ყოფილიყო,  ნაკლებად შეიწუხებდნენ თავს, რადგან ფოტოგრაფებს თბილისიდან იქ ასასვლელად დღე-ნახევარი, ორი დღე სჭირდებოდა, გარდა ამისა, აპარატურა იყო ძალიან მძიმე და გადასაადგილებლად მოუხერხებელი, რომლისთვისაც ცხენი იყო საჭირო, შესაბამისად ვაჟა, რომ არ ყოფილიყო ინტერესის საგანი ნაკლებ სავარაუდოა, რომ იქ ასულიყვნენ.

  ვაჟა აუცილებლად იქნებოდა ლაშარობაზე, რადგან ის არის მთელი ფშავის კრებითი დღესასწაული, სადაც ყველა თემიდან იღებდნენ მონაწილეობას. ვაჟა ფშაველა თავხევისბერი იყო ამიტომ ის ამ რიტუალის მონაწილე იქნებოდა და არა უბრალოდ დამსწრე. ამ სურათზეც ცენტრში დგას, თავისი დგომის მანერითა და ჯოხით“, - განაცხადა ლელა რაზიკაშვილმა „პრაიმ ტაიმთან“ საუბარში.

ვაჟა ფშაველა შთამომავლის თქმით, ამ სურათმა იმედი გააჩინა, რომ კიდევ არსებობს სხვა უმნიშვნელოვანესი ფოტო მასალა, რომლის მოძიებაც უკვე დაწყებულია.

მისივე თქმით, ფოტოების უდიდესი ნაწილი რუსეთშია გატანილია, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის, თუმცა რუსეთში მცხოვრები ქართველების იმედი  აქვთ.

„როგორც ჩანს მაშინ რუსეთის იმპერიაში მიჰქონდათ აქედან მასალები, ან შეიძლება მერე წაიღეს იმიტომ, რომ ეს უნიკალური ფოტო არის გაფანტული, მოსაძიებელი და სამუშაოა.

რუსეთში მცხოვრები ქართველების იმედი გვაქვს რომ დაგვეხმარებიან.  ამ ფოტომ კარი გახსნა, რომ ამ ფოტოებთან ერთად სხვა  უნიკალური მასალა შეიძლება იყოს  და დარწმუნებული ვარ, რომ არის. 

ვცდილობთ, მოვიპოვოთ ინფორმაცია, თუ ვინ არის ფოტოს ავტორი“, - განაცხადა ლელა რაზიკაშვილმა „პრაიმ ტაიმთან“ საუბრის დროს.