ცვლილება კანონში, რომელიც დეკრეტული შვებულების დროს გაცემულ თანხას ეხება
1780432804
პრესტიჟული უნგრული, სამოგზაურო ჟურნალი „Világjáró“ ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას ავრცელებს. სტატია სათაურით „საქართველო — ქვეყანა, სადაც სტუმარი ღვთის საჩუქარია“ ჟურნალის მაისის ნომერში გამოქვეყნდა. „აჭარა არა მხოლოდ კურორტია — ის კულტურული გზაჯვარედინია, სადაც ძველი და ახალი, ტრადიცია და თანამედროვეობა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს,“ წერია სტატიაში, სადაც მკითხველს რეგიონის ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებებს, გასტრონომიას, ტრადიციებს, კულტურასა და ისტორიას აცნობენ.
„ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ბათუმმა შთამბეჭდავი ურბანული განვითარება განიცადა: დღეს ქალაქის იერსახეში თამამი, ფუტურისტული შენობები დომინირებს, მაშინ როცა ისტორიულმა უბნებმა თავიანთი ავთენტური ხასიათი შეინარჩუნეს. ეს კონტრასტი განსაკუთრებით მომხიბვლელია. არ გიწევთ არჩევანის გაკეთება წარსულსა და მომავალს შორის, რადგან ორივე გვერდიგვერდ თანაარსებობს.“
ჟურნალი ბათუმის ოთხი სეზონის ტურისტულ პროდუქტებზე საუბრისას ყურადღებას მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებებსა და სეზონურ ტურისტულ პროდუქტებზე ამახვილებს. ის მკითხველს ქართული სამზარეულოსა და ღვინის დაყენების ტრადიციასაც აცნობს. „ქართული სამზარეულო ტრადიციისა და გემოს უნიკალურ შერწყმას წარმოადგენს. განსაკუთრებით ცნობილი კერძია აჭარული ხაჭაპური — ნავის ფორმის ცომი, შიგნით სულგუნის ყველით, ზემოდან კი კვერცხითა და კარაქით. საქართველოში უძველესი ღვინის კულტურა აქვთ. ის 8000 წლის ისტორიას ინახავს. ღვინო ხშირად მზადდება ქვევრში, რაც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. სუფრა კი მხოლოდ კვება არ არის — ეს არის სოციალური და კულტურული გამოცდილება, სადაც ადამიანები ერთად ყოფნას ზეიმობენ,“ წერია სტატიაში. უნგრულენოვანი ჟურნალი „Világjáró“ ძირითადად მოგზაურობას, ტურისტულ მიმართულებებს, ტურიზმს, კულტურას, ცხოვრების სტილს, გასტრონომიას, მოდასა და დასვენებას ეძღვნება.