საკვები პროდუქტები, რომლებიც გონების განვითარებას უწყობენ ხელს - ნევროლოგის რჩევები

ბავშვი

მშობლები ბავშვებს ხშირად სთავაზობენ ტვინის განვითარების ხელშემწყობ ვიტამინებსა და სხვადასხვა დანამატს. ამ გზით მეხსიერებისა და ინფორმაციის დამახსოვრების უნარის გაუმჯობესებას ცდილობენ. რეალურად, არსებობს თუ არა საშუალებები, რომლებიც ტვინისა და გონების მუშაობას აჩქარებს, ამ თემაზე ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე საუბრობს:

"როგორც კვლევებმა და გამოცდილებამ აჩვენა, ტვინს არაფერი ავარჯიშებს ისე, როგორც განმავითარებელი აქტივობები. ადრეულ ეტაპზე და მოგვიანებითაც, ყველაფერი რაც მნიშვნელოვანია ორგანიზმის ნორმალური ზრდა განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ტვინისთვისაც. მაგრამ ვერც ერთი დანამატი ვერ შეცვლის ტვინის ფუნქციონირებას, მისი ადეკვატურად დატვირთვის ან გავარჯიშების გარეშე.
აქტიური ზრდის და განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია ვაკონტროლოთ ბავშვის რაციონი და არ დავუშვათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების დეფიციტი. მაგრამ მოლოდინი, რომ რომელიმე საკვები პროდუქტი თუ დანამატი დამოუკიდებლად შეცვლის ტვინის რესურსს და ფუნქციონირებას - გადაჭარბებულია", - ამბობს ნერვოლოგი. 

არსებობს საკვები პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობენ გონების განვითარებას? - რას ამბობს თამარ ედიბერიძე:

"კვლევებმა აჩვენა, რომ თავის ტვინი, ისევე როგორც სხვა ორგანოები, განსაკუთრებით მგრძნობიარეა წყლის დეფიციტის მიმართ. შესაბამისად სითხით ადეკვატური დატვირთვა და ორგანიზმის გაუწყლოებისგან დაცვა, იცავს ტვინსაც.
ტვინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უჯერი ცხიმოვანი მჟავები, რითიც მდიდარია მცენარეული ცხიმები - ზეითუნის, მზესუმზირას ზეთი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ცხოველური ცხიმი საერთოდ არ უნდა მივიღოთ. არ უნდა დავივიწყოთ თევზი და ომეგა-3 უჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომელთა მნიშვნელობა და აქტუალობა დროთა მანძილზე უფრო და უფრო იზრდება. თავის ტვინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროდუქტში DHA კომპონენტის მაღალი შემცველობა. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების უფრო მდიდარი წყაროა თევზი. მისი მიღება შესაძლებელია მცენარეული პროდუქტებიდანაც (მაგალითად სელის ან ჩიას თესლი), თუმცა ათვისების ხარისხი და მოცულობა გაცილებით მაღალია თევზეულიდან. ტვინისთვის ჯანსაღი ცხიმების წყაროა ასევე თხილეული, რომელიც ამასთანავე მდიდარია მიკროელემენტებით (კალიუმი, მაგნიუმი, სელენი, თუთია).
სასარგებლო და აუცილებელია ხილი, კენკროვანები განსაკუთრებით და B ჯგუფის ვიტამინებით და მიკროელემენტებით მდიდარი ბოსტნეული, ასევე ანტიოქსიდანტებით.
ტვინის ფუნქციონირებას სტიმულს აძლევს და ახალისებს შავი შოკოლადი, მწვანე ჩაი და ყავა გონივრული დოზებით",- აცხადებს ნერვოლოგი  Mshoblebi.ge-სთან