პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თამბაქოს ინდუსტრია 1 იანვრიდან თამბაქოს ნაწარმის სადა, სტანდარტიზებული შეფუთვის რეგულაციის გადავადებას ითხოვს. თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეგულაციის ამოქმედება ბაზრიდან თამბაქოს ნაწარმს გააქრობს, რადგან ბიზნესი 2 თვეში პროცესების გადაწყობას, იმ პირობებში, როცა რუსეთი-უკრაინის ომი მიმდინარეობს ვერ მოახერხებს.
როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე „პრაიმტაიმთან" აცხადებს, ეს მოთხოვნა საბოტაჟის მცდელობას უკავშირდება.
„ძალიან კარგად იცოდნენ 5 წლის უკანაც, რომ ეს რეგულაცია შევიდოდა ძალაში. მეორე, 16 მაისიდან ნორმატიული აქტი არსებობს, შვიდ თვე ნახევარზეა ლაპარაკი და არა, ორ თვეზე. შესაბამისად, ძალიან დიდი დრო ჰქონდა და აქვს ახლაც ინდუსტრიას, რომ მომზადებულიყო ამ რეგულაციისთვის. ვიღაცა, თუ საბოტაჟის რეჟიმში აპირებს ყოფნას, ეს მათი პრობლემაა. კიდევ ერთხელ უკრაინელი დებისა და ძმების გაჭირვებაზე აგებენ თავიანთ ბიზნესს, მანიპულირებენ უკრაინის ომზე. გვაქვს მთელი რიგი მტკიცებულებები, რომ ფაქტობრივად, არც ერთი ქარხანა არ გაჩერებულა და რეალურად, ვინც იყო მომწოდებელი, ყველას შემოაქვს თამბაქო. ეს არის მორიგი საბოტაჟის მცდელობა",- განაცხადა ბახტურიძემ.
ცნობისთვის, მთავრობის დადგენილებით, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან თამბაქო ახალი შეფუთვით გაიყიდება. სტანდარტიზებულმა ანუ სადა შეფუთვამ პროდუქტი ისე უნდა გარდაქმნას, რომ თამბაქოს მიმზიდველობა შეამციროს და მომხმარებელმა ერთი ბრენდის ნაწარმი მეორისგან მარტივად, ერთი შეხედვით ვერ გაარჩიოს.
ცვლილების მიხედვით, იკრძალება თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე და თითოეულ ღერზე ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის გამოყენება. ბრენდის სახელწოდება შეფუთვაზე ისევ იქნება, თუმცა ნაკლები ხილვადობით. მისი განთავსება ქართულ ენაზე სავალდებულო ხდება, სურვილის შემთხვევაში კი ინგლისური შრიფტითაც დაშვებული იქნება. კოლოფის დიდ ნაწილს კი ჯანმრთელობის რისკების შესახებ გამაფრთხილებელი წარწერები და პიქტოგრამები დაიკავებს.
განმარტებითი ბარათის თანახმად, ამ გადაწყობას და ძველი სიმძლავრეების აღდგენას 12-დან 24 თვემდე დასჭირდება, რის გამოც ამ პერიოდში ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმი შეფუთვის არსებული მოდელით უნდა გაიყიდოს. კანონპროექტი ამ ნორმის ამოქმედებას 2022 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად 2024 წლის 31 დეკემბრიდან ითვალისწინებს.