1 იანვრიდან, შესაძლოა, ბაზარზე თამბაქო აღარ იყოს - რას ამბობენ თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები

ტობაკო

თამბაქოს ინდუსტრია 1 იანვრიდან თამბაქოს ნაწარმის სადა, სტანდარტიზებული შეფუთვის რეგულაციის გადავადებას ითხოვს.

თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეგულაციის ამოქმედება ბაზრიდან თამბაქოს ნაწარმს გააქრობს, რადგან ბიზნესი 2 თვეში პროცესების გადაწყობას, იმ პირობებში, როცა რუსეთი-უკრაინის ომი მიმდინარეობს ვერ მოახერხებს.

JTI-ს კორპორაციულმა დირექტორმა ივა ხასია აცხადებს, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს სტანდარტიზებული, სადა შეფუთვის რეგულაციის ამოქმედებამ შესაძლოა ბაზარზე თამბაქოს ნაწარმის დეფიციტი გამოიწვიოს.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ რეგულაციის გადავადება არ მოხდება ბიზნესი დღეს არსებული გამოწვევების ფონზე პროცესების გადაწყობას ვერ შეძლებს.

ცნობისთვის, მთავრობის დადგენილებით, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან თამბაქო ახალი შეფუთვით გაიყიდება. სტანდარტიზებულმა ანუ სადა შეფუთვამ პროდუქტი ისე უნდა გარდაქმნას, რომ თამბაქოს მიმზიდველობა შეამციროს და მომხმარებელმა ერთი ბრენდის ნაწარმი მეორესგან მარტივად, ერთი შეხედვით ვერ გაარჩიოს.

ცვლილების მიხედვით, იკრძალება თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე და თითოეულ ღერზე ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის გამოყენება. ბრენდის სახელწოდება შეფუთვაზე ისევ იქნება, თუმცა ნაკლები ხილვადობით. მისი განთავსება ქართულ ენაზე სავალდებულო ხდება, სურვილის შემთხვევაში კი ინგლისური შრიფტითაც დაშვებული იქნება. კოლოფის დიდ ნაწილს კი ჯანმრთელობის რისკების შესახებ გამაფრთხილებელი წარწერები და პიქტოგრამები დაიკავებს.

განმარტებითი ბარათის თანახმად, ამ გადაწყობას და ძველი სიმძლავრეების აღდგენას 12-დან 24 თვემდე დასჭირდება, რის გამოც ამ პერიოდში ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმი შეფუთვის არსებული მოდელით უნდა გაიყიდოს. კანონპროექტი ამ ნორმის ამოქმედებას 2022 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად 2024 წლის 31 დეკემბრიდან ითვალისწინებს.