პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე იხსენებს იმ საწყის ეტაპს, როდესაც მისი ოცნება ქუთაისში, საღორის საავადმყოფოში ქირურგად მუშაობა იყო.
„ახლა უკან რომ ვიხედები, მიკვირს, ნუთუ მე, ერთმა ქუთაისელმა ბიჭმა ამდენი შევძელი… მიკვირს, ნეპალში დაკიდებულ აღმართზე, უფსკრულის პირას საცალფეხო ბილიკზე უშიშრად მიმავალს, როგორ არ მეშინოდა ფეხის დაცდენის… თავში როგორ მომდიოდა ის აზრი, რომ კვლევები მეწარმოებინა იქ, სადაც ჯერ კიდევ ხალხი ხეზე ცხოვრობდა.
დიდი გზა გავიარე, რთული და საინტერესო გზა, სულ უფსკრულის პირას ვიარე… დანაღმულ ველზე… გაუკვალავი გზებით ვიარე ქუთაისიდან ჟენევამდე“…
გიორგი ფხაკაძემ ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემა თუ გადაწყვიტა, ალბათ, სქელტანიან შემოქმედებას ეს პროლოგი დაამშვენებდა.
ყველაფერი თბილისში, სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, ბუდაპეშტის ქუჩიდან დაიწყო, სადაც ჯერ სამხედრო ჰოსპიტალში სანიტრად, შემდეგ კი ექთნად მუშაობდა.
როგორც თავად ამბობს, „დედათა და ბავშვთა ცენტრში“ მუშაობისას ლაბორატორიაში რაღაცებს აკეთებინებდნენ და „კინაღამ იქაურობა ააფეთქა“.
“თავგადასავლები“ დაიწყო ასე:
„22 წლის ვიყავი, დიპლომი რომ მქონდა უკვე. ჩემს დანაზე ვინ დაწვებოდა. მე ახლა 22 წლის ქირურგს თითს არ გავაჭრევინებ, მაგრამ ასე მოხდა. ქუთაისში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი. იყო უამრავი საინტერესო პროექტი. მივხვდი, რომ ჩემმა ზრდამ საქართველოში პიკს მიაღწია და ბევრ ორგანიზაციაში, ინსტიტუტში აპლიკაცია გავაგზავნე და აი სიურპირიზიც – ნეპალის უნივერსიტეტში ჩავაბარე. იქ იყო გაეროს კომისარიატი, სადაც ცოტა ხანს ვმუშაობდი.
იქ ჩავაბარე მაგისტრატურაზე. ნეპალში ექიმის პოზიციაზე ვმუშაობდი. ლიცენზიაც მაქვს აღებული, როგორც პრაქტიკოსი ექიმი. გავაკეთე ჩემი მაგისტრატურა და ეს იყო ჩემი დაბადება როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი.
ნეპალში დავინახე, რომ თუ შენ ტექნიკურად ძლიერი ხარ, ვერც ერთი ადამიანი, რამდენი ფულიც უნდა ჰქონდეს, ვერაფერს გიზამენ.
ერთმა ადამიანმა დაწერა, რომ მიგრანტი ნეპალელების 10% შიდსით ინფიცირებულიაო. დამაინტერესა ამ თემამ და ვიფიქრე, რომ რაღაც უნდა გაკეთებულიყო ამ მხრივ. აღსანიშნავია, რომ არც ერთი ორგანიზაცია გვერდით არ დამიდგა, ფიქრობდნენ, ვინ არის ეს სტუდენტი საქართველოდანო.
კვლევა ჯიბრზე საუკეთესო მეთოდოლოგიით, საუკეთესო სტანდარტებით გავაკეთე. ნეპალში ყველაზე ღარიბი უბანი ავარჩიე: კოკა-კოლა არ იციან რა არის, ვნახე ხალხი, რომელიც ხეებზე ცხოვრობს. იყო ადგილები, სადაც ხორცი არ იყო. მოვიკითხე, იქნებ ხორცი იყოს-თქო და საღამოს მოიტანეს ქათმები. გამიკვირდა, აქ ვერ დავინახე და რა არის-თქო, ფარშევანგი აღმოჩნდა. მოკლედ, ფარშევანგი მივირთვი, ინდაურივითაა.
მოკლედ, დეტალური კვლევა ჩავატარე, 600 კაცი შევამოწმე, ჩამოვედი ნეპალში და აღმოჩნდა, რომ ჩემი მონაცემებით, 0,3% მიგრანტი იყო ინფიცირებული. დიდი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული კვლევები კი 10%-ს ამტკიცებდა. ჩამოუყვანეს 1 ექსპერტი ავსტრალიიდან, მეორე ექსპერტი – ამერიკიდან, რომ ჩემი კვლევა გადაემოწმებინათ და გავენადგურებინე. ვერაფერი ნახეს. ყველაფერი ზუსტად მქონდა გაკეთებული.
შემდეგ სადოქტოროს გაკეთება გადავწყვიტე. პირველი უნივერსიტეტი სამხრეთ ინდოეთიდან, ტამილნადუდან გამომეხმაურა. მათი დამწერლობა ქართულს ჰგავს. იქ პროფესორს ვესაუბრე 2 საათის განმავლობაში და საბოლოოდ, ჩავირიცხე მადრასის უნივერსიტეტში, სადოქტორო პროგრამაზე. რევოლუცია მოხდა ჩემს ტვინში.
იქაც ძვირადღირებულ საავადმყოფოში ვმუშაობდი, ემერჯენსში. 36-საათიანი მორიგეობები იყო. ინდოეთში ლიცენზირებული ვარ, როგორც ექიმი. ასევე, კვლევას ვაკეთებდი, ჯანდაცვის დაზღვევა როგორ შეიძლება უფრო ეკონომიური ყოფილიყო. ყველაზე მეტად რაც მომწონდა – უქმე დღეებში უკიდურეს სიღარიბეში მყოფ ხალხთან მივდიოდი, სადაც 300-500 ადამიანი ცარიელ ადგილას ცხოვრობს. იქ არც საპირფარეშო, არც წყალი, საერთოდ არაფერია.
ძვირადღირებულ საავადმყოფოდან წამლები, ნარჩენი ბინტები მიმქონდა, საკუთარი სახსრებით ანტიობიოტიკებს და ვიტამინებს ვყიდულობდი. 100 ადამიანს ვნახულობდი დღეში, რიგი დგებოდა, ახლა მიკვირს, როგორ ვახერხებდი. იქ კვლევა ჩავატარე და დისერტაცია დავიცავი. ასევე, სექსმუშაკებთან ვმუშაობდი. ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ შეცდომებზე ვსწავლობთ.
ევროსაბჭოში მუშაობა ძალიან მინდოდა. იქ სამუშაოდ ჩემი დიპლომები არ ჭრიდა. ევროკავშირის დიპლომი უნდა მქონოდა. წავედი ბუქარესტში, მეორე სადოქტოროზე, ბუქარესტში ჩავაბარე, CV-ში არ ვწერ, რომ არ თქვან, ვერ არის ჭკუაზეო, ორს ვინ წერსო. რუმინეთში სტრესი მქონდა, ვერ ვმუშაობდი. სწავლობ, სწავლობ და გრძნობ, რომ თავი გისკდება და შეიძლება აგიფეთქდეს. საქართველოს მაგონებს – მინდა რაღაც გავაკეთო და ვერ ვაკეთებ.
შემდეგ სხვადასხვა ორგანიზაციაში გავაგზავნე CV. გასაუბრება უცნაურ ადგილას მქონდა. ბაზარში ვიყავი, გარშემო უამრავი ბოშა იყო, ყვიროდნენ-წიოდნენ. მე კუთხეში ვიყავი, ცელოფნის პარკში პომიდვრები და რაღაცები მელაგა. გასაუბრება ჩუმად მქონდა, საპირფარეშოს გვერდით ვიდექი და წარიმართა. ვიფიქრე, ვის უნდა ავეყვანე, თუმცა, 1 კვირაში დამირეკეს. სომალიში აღმოვჩნდი. გლობალური ფონდის მენეჯერის პოზიციაზე. 2006 წელს იქ ვინ წავიდოდა? სასაკლაო იყო. წავედი…
თეთრი ბიჭი ჩავიდა არათეთრებთან. ძალიან სტრესული იყო იქ მუშაობა. ზოგიერთ ადგილას 25-კაციანი დაცვა მყავდა. 5-6 მანქანით ვმოძრაობდი. ძალიან ბევრჯერ სიკვდილსაც ჩავხედე თვალებში, ვნახე ადამიანების სიცოცხლის დაკარგვაც.7-8 თვე ვიყავი, ძალიან ბევრი ვისწავლე, განსაკუთრებით კორუფციის არსი გავიგე. მე ვიყავი ადამიანი, რომელიც ამას აკონტროლებდა. იქ საპირფარეშო არ არის, პირველი დღე იყო ძალიან რთული. მანქანიდან გადასვლა სარისკოა, გარშემო ყველაფერი დანაღმულია. დილით ფეხსაცმელში შესაძლოა მორიელიც დაგხვდეს.
ერთხელ ბრავაში ვიყავი, სადაც ძალიან ბევრი ფული „მოტეხეს“. საქართველო 90-იან წლებში მახსენდება. სომალიელებს ქართული გაგება აქვთ, ალბათ ქუთაისელი რომ ვარ, ამიტომ გადავრჩი.
სადაც ვცხოვრობდი ტელევიზორს ვუყურებდით, ჩემს გვერდით იყო ადგილობრივი ტერორისტი, „მაყურებელი“, BBC-ზე ოსამა ბინ ლადენზე იყო გადაცემა და უცებ დავინახე ეს კაცი, მისი მხარდამჭერი, რომელიც გვერდით მეჯდა. ერთი სიცოცხლე დამიმთავრდა, ლამის სკამიდან ჩავვარდი. ეს ყველაფერი გავიარე და გადავრჩი.
ამის შემდეგ სომხეთში წავედი. იქ გაეროს მომხსენებელი ვიყავი, ლტოლვილების და შიდსის პროექტების შეფასება გავაკეთე და მათი კორუმპირებული მთავრობა დიპლომატიურად გავლანძღე.
შემდეგ რუსეთში უნდა წავსულიყავი. წარმოიდგინეთ, ამ დროს არ წარმოადგენ არც ერთ ქვეყანას და წარმოადგენ გაეროს, თუმცა, რუსეთის მთავრობამ ჩემთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. პირველად ვიგრძენი დისკრიმინაცია. რუსეთში შეფასება ვერ გავაკეთე, თუმცა თანხა მაინც გადამიხადეს.
შემდეგ იყო ყირგიზეთი. პირველად გავაკეთეთ ციხეებში მეტადონის პროგრამა.
უკრაინაში ვიყავი, რუსები რომ ბომბავდნენ იმ მხარეს. ისეთ მანქანაში ვიყავი, რომ გვერდები ამტკივდა. მასაჟი არ მიყვარს, გადავწყვიტე რომ იქ გამეკეთებინა. ვწევარ და ამ დროს დამირეკეს ნიუ-იორკიდან, გაეროს გენერალური მდივნის ოფისიდან. მითხრეს, გაეროს გენერალურმა მდივანმა თქვენ აგირჩიათ დამოუკიდებელი საბჭოს წევრად, სულ 10 წევრია. 1 კვირაში შეხვედრაზე უნდა ჩავსულიყავი, აქედან დაიწყო ჩემი იქ მუშაობა.
ამის შემდეგ გადმოვსახლდი ჟენევაში, მეორე პატარა სახლში. ჟენევაში გულ-სისხლთა დაავადებების დეპარტამენტში ვმუშაობდი, ძირითადად ბევრი ქვეყნის პროექტებს ვმართავდი. ჩვენს დროს დაიბეჭდა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც ახლა საქართველოში ბევრი იყენებს და არ იციან, ვისი ხელი ურევია.
ეს არის გათვლა, თქვენი წონით, ასაკით, სქესით და გეუბნებიან, რომ 10-15 წელიწადში თქვენ შესაძლოა, დიაბეტი დაგემართოთ. ბევრ კომპიუტერულ, სამედიცინო დოკუმენტშიც ჩადებულია, მთელ მსოფლიოშია გავრცელებული.
შემდეგ მუშაობა ბირმაში დავიწყე. ეს არის მეორე ქვეყანა, რომელიც ოპიუმს აწარმოებს. ანუ ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოა. გვიან გავიგე, თურმე ყველა ჩემი თანამშრომელი უშიშროებას წარმოადგენდა. 150 თანამშრომლიდან უცხოელი მხოლოდ ორი ვიყავით. შესამოწმებლად, აუდიტი მოვიდა, ჩემი უფროსი ავად გახდა და ამ ოფისს 7 თვე ვმართავდი. მე იქ გავიცანი მიხეილ მღვდელაძე, რომელიც რუსეთის ფედერაციის ელჩი იყო ბირმაში. წარმოიდგინეთ, 2 ქუთაისელი რომ შეხვდება ერთმანეთს, დავმეგობრდით. ძალიან ბევრი რამ მასწავლა. აგვისტოს ომის დროს, 2008 წელს იქ ვიყავი.
ბირმის შემდეგ მეორედ ჩავედი სომხეთში, სადაც ჩემი ჩასვლის გამო ლამის გული გაუსკდათ. იქ გლობალური ფონდის მენეჯერად დამნიშნეს, ფინანსური პრობლემა ჰქონდათ, შევძელი და მოვაგვარე.
შემდეგ თბილისში ჩამოვედი. ბევრი რამ მქონდა მისახედი, დედაც გარდაცვლილი იყო. დიდხანს ვერ გავჩერდი, სხვადასხვა ქვეყანაში მივდიოდი, პატარ-პატარა საქმეებს ვაკეთებდი. საქართველოში ორგანიზაცია „ზიანის შემცირების ქსელში“ ვმუშაობდი, გავაცოცხლე. ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება სუფთა ქართულ ორგანიზაციასთან მუშაობის. პირველი 1-2 კვირა ხარ მესია, შენზე ამყარებენ იმედებს, 2 თვის შემდეგ კი ცოცხლად გმარხავენ. ეს ჩემი არასასიამოვნო გამოცდილება იყო.
შემდეგ ინდოეთში წავედი, იქაურ ჯანდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი და მინისტრის მრჩეველი ვიყავი. ეს იყო დისტანციური და ელექტრონული სწავლება. შემდეგ საქართველოში ჩამოვედი და „ალდაგში“ 6-7 თვე ვიმუშავე.
ჩემი ოჯახის კლინიკა იყო, რომელიც შემდეგ „ევექსად“ გარდაიქმნა. გენერალური დირექტორის მოადგილე ვიყავი სტრამოჭრაატეგიისა და განვითარების სფეროში. 1 წელი ვიმუშავე და 16 პროექტი დავუდე. ახლა ვინც მისმენთ, ალბათ გახსოვთ, როგორ გაწვალებდით.
შემდეგ გაეროში კარგი კონტრაქტი შემომთავაზეს და ახლო აღმოსავლეთში წავედი. პალესტინაში, ღაზას სექტორში ელექტონული ჯანდაცვა მუშაობს და საქართველოში არა. ღაზა შემოვლილი მაქვს, 141 ჯანდაცვის დაწესებულება შევაფასე, როცა ვსაუბრობ ჯანდაცვაზე, ვიცი, რასაც ვამბობ.
ვიყავი ერაყში, სირიაში.
„როცა ადამიანი მეკითხება: ვინ ხარ? რა გაგიკეთებია? რა გისწავლია? – აი ესაა პასუხი. ეს არის ჩემი კონტიბუცია, რაც კი შემიძლია გავაკეთო.
გზა, რომელიც გავიარე, ძალიან გრძელი და რთულია. როცა მე რომელიმე ქვეყანაში ჩავდივარ და ვამბობ, რომ ეს ასე უნდა გაკეთდეს, კითხვის ნიშნები არ არის და არ მეკითხებიან – რატომ? ეს მოდის იქიდან, რომ ჩემს კარიერაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი და ამაზე ვისწავლე. ინტუიციით ვხვდები, რა იმუშავებს, ან პირიქით. მერე ვიღაც გამოდის და მეკითხება, რა იციო…. “, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.