„უფლის მონაო, უყვიროდნენ გაბრიელს. მამა ბავშვივით ტიროდა. გაბრიელი ეზოში შემოფრინდა. ეს სურათი თვალებიდან არ ამომდის" - ღირსი მამა გაბრიელის და

mama gabrieli

იცით, რომ ნიკოლოზ ხომასურიძე ღირსი მამა გაბრიელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მხატვრულ ფილმს იღებს. ამისთვის კი საზოგადოების მხარდაჭერაა საჭირო. სტატიის ბოლოში თქვენ ნახავთ ანგარიშის ნომრებს, სადაც სურვილისამებრ, შეგიძლიათ ამ დიდ საქმეში, თქვენი წვლილი შეიტანოთ.

ფილმს აქვს თავისი ფეისბუკგვერდი ბერი გაბრიელი ფილმი, სადაც ნიკოლოზი ათავსებს ვიდეო ინტერვიუებს. ამ ინტერვიუებში მამა გაბრიელზე მისი ოჯახის წევრები, სულიერი შვილები, ახლობლები უიშვიათეს ფაქტებს ჰყვებიან.

ამჯერად ბერ გაბრიელს მისი და, ჯულიეტა ურგებაძე იხსენებს.

ჯულიეტა ურგებაძე: დედა 15 წლის იყო ჩვენი უფროსი და, ემა რომ გააჩინა. ამიტომ ბებია იყო ჩვენთვის ყველაფერი. ის გვაქცევდა ყურადღებას, გვივლიდა. გაბრიელი ბებიას გვერდით იწვა. ვარვარე ერქვა ბებიას და პატარაობიდან ვარინკა დაარქვა გაბრიელმა. ძალიან უყვარდა ბებია.

სკოლაში არაფრის ინტერესი არ ჰქონდა, არც ქართულის, არც მათემატიკის. ჯღაბნიდა. ვამბობდით - რა არის, ლამაზად წერა ვერ ისწავლე, გაბრიელ? ბავშვებთან არ თამაშობდა. თავისებური თამაშები იცოდა. ბაირაღებს დაიჭერდა და დადიოდა.

წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან ახლოს ვცხოვრობდით. ეკლესია დაკეტილი იყო. ჩვენ გარშემო ვუვლიდით და იქ ვთამაშობდით. ამ ეკლესიის მიმართ დიდი სიყვარულით ვიყავი. იქ მომნათლეს ხუთი წლისა.

გაბრიელი ქვიშაზე, მიწაზე ეკლესიებს აშენებდა. სათამაშოები არ გვქონდა და მშობლების გაკეთებული თოჯინებით ვთამაშობდით. გაბრიელი ამ თოჯინებს გამოგვართმევდა და მის მიერ აშენებულ ეკლესიაში ჩასვამდა - ეს ხატიაო.

სადილის დროს გაბრიელი ჩვენთან ერთად არ სადილობდა, მე მერე ვისადილებო, გვეტყოდა. მერე ყურადღებას არ ვაქცევდით, რას ჭამდა. მაშინ წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ მარხვა არსებობს ან თუნდაც ოთხშაბათი და პარასკევი რომ მარხვის დღეებია. გულიდან წამოსული რწმენა გვქონდა, მაგრამ ვერ ვაცნობიერებდით, რა იყო ეს. გაბრიელი, ალბათ, მარხულობდა.

პატარაობიდან განსაკუთრებით უყვარდა წითელი ამოლესილი ლობიო. ბევრ პურს ჩაიყრიდა თეფშში, ამოაშრობდა ლობიოს და მერე ვეღარ ერეოდა. მამა ეტყოდა, ვასიკო, იმდენი ჩაყარე რომ მერე მისი ჭამა შეგეძლოსო.

ეს სურათი არასდროს ამომდის თვალებიდან. გაბრიელი მორბის, უკან ხალხი მოსდევს. ერთი ყვირის - ეს უფლის მონაა. ეზოში ვიდექი და წითელი ხის ღია ალაყაფის კარებში შემოფრინდა გაბრიელი. მამა იჯდა, ისვენებდა. შემოჰყვა ეს ხალხი - საწყალი, უფლის მონა, უფლის მონაო, ყვიროდნენ. მამა პატარა ბავშვით ტიროდა, გული სტკიოდა ამაზე, ალბათ...

სანაგვეზე გადაყრილი სურსათის ყუთებისგან აშენებდა ეკლესიებს, აკეთებდა ხატებს. იყო რუსული ჟურნალი "ნაუკა ი რელიგია", იქიდან ხატებს ჭრიდა, ჩარჩოებს გაუკეთებდა და ჩამოკიდებდა. ასეთი ხატები ბევრი გვქონდა. მეზობლები "ახალ ამბებს" მახვედრებდნენ, შენი ძმა ისევ სანაგვეზე ვნახეთ. ბომჟს ჰგავდა რაღაც მოსაცმელით, შლაპასავით თავსაბურავს წამოიხურავდა, მაგრამ მისი სული სადამდე სწვდებოდა... იქ ნაპოვნი უძველესი ხატები ჰქონდა, რომელსაც მერე ეკლესია-მონასტრებს, საპატრიარქოს სწირავდა. 

ერთხელ ვერცხლში მოჩუქურთმებული ღვთისმშობლის ხატი მაჩუქა. დედას ვუთხარი, ვიცი, გაბრიელმა ეს ხატი სიყვარულით მაჩუქა, მაგრამ სახლში ვერ წავიღებ, ვგრძნობ, რომ მისი უკან დაბრუნება უნდა-მეთქი. გათენდა თუ არა, დედას მიაკითხა გაბრიელმა და ჰკითხა, დედა, ჯულიეტამ დატოვა ის ხატი? დატოვა, ვერ წაიღოო რომ უთხრა, რა სიხარულით ჩაეხუტა იმ ხატს... წარმოგიდგენიათ? სულიწმიდის მადლით უფალმა მაგრძნობინა, რომ ეს ხატი მე არ უნდა წამეღო. სურნელოვანი წყლებით წმენდდა ხატებს. მეუბნებოდა, სუნამოები მოიტანეო და იმით წმენდდა. მის კელიაში სასწაული სურნელი იდგა.

ერთხელ გაბრიელის წიგნები დედამ ეზოში დაწვა. გაბრიელი დედის გულს ხედავდა, რა მწუხარებაშიც იყო მის გამო, რადგან ბოლომდე ვერ გრძნობდა დედა, როგორი დიდი იყო გაბრიელი. ამიტომ დედას სულ შენდობას სთხოვდა და ბოლომდე ძალიან უყვარდა.

სახლიდან წავიდოდა და მონასტრებში დადიოდა. 12 წელს რომ გადასცილდა, მერე სულ გაბრიელის ძებნაში იყო დედა. 18 წლის ვიქნებოდი, დედა მეუბნება დილაადრიან, წამოდი, წავიდეთ, ვნახოთ გაბრიელიო. წავედით ბეთანიაში.

ბეთანიის ბავშვთა სახლიდან მონასტრამდე ფეხით ვიარეთ. დედას არც შიში ჰქონდა, არც დაღლა. სად არ ვიარეთ, მთა-მთა, ოღრო-ჩოღრო. ან გზა ვინ გვასწავლა, წარმოდგენა არ მაქვს. სასწაულებრივად მივედით მონასტერში. მივედით და ვნახეთ გაბრიელი. დედამ ყვირილი დაიწყო - გაბრიელ, ძლივს გიპოვეთ, რა ბედნიერი ვარო. დედა, ჩუმად, ორი მოხუცია აქ, ცუდად არიანო. დაგვათვალიერებინა ყველაფერი. საღამოს უკან დავბრუნდით. უფლის წყალობით საღამოს უკვე შინ ვიყავით. დღეს ჯიპები ვერ ასწრებენ ასე ასვლა-ჩამოსვლას საღამომდე. ადამიანი იმ დროს ვერ ხვდება, მერე რომ დაუკვირდება, ხედავს, რომ მისი ყოველი ნაბიჯი, სიტყვა და მოქმედება უფლისგან არის. ისე ვერაფერს შეძლებს.

მამას კარგი პროფესია ჰქონდა, კარგი სამსახური და ომიანობის სიმძიმე არ გვიგვრძვნია, არაფერი გვაკლდა, საჭმელი - მით უმეტეს. დედას მეგობრების ოჯახები სულ ჩვენთან იყვნენ. დედას კეთილი გული ჰქონდა. და ეს ადამიანები ჩვენთან იკვებებოდნენ. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო.

მამა რომ გარდაიცვალა, პურის ფული არ გვქონდა. ზოგჯერ სამი-ოთხი დღე ისე გადიოდა, რომ ვერაფერს ვჭამდით. ან როგორ გვაძლებინებდა უფალი, არ ვიცი.

ერთხელ, მეხუთე კლასში ვიყავი, დედამ ეტყობა პურის ფული იშოვა. დაჭრა პური, გაბრიელს ხელის გულზე დაუდო ერთი ნაჭერი, ზემოდან დაადო ბადრიჯნის მურაბა, რომელიც მე არ მიყვარდა. მე გაკვეთილზე ვიყავი, ზარი დაირეკა, გამოვედი და დავინახე, გაბრიელი იდგა პურით და ზედ ბადრიჯნის მურაბით.

- შენ ხომ რამდენიმე დღის მშიერი ხარ, ჭამეო... სკოლა 31-ე ქარხანაში იყო, ჩვენი სახლიდან ხელის გულით ეს პური როგორ ატარა? ან ქაღალდი სად იყო, ან პარკი. ეს დაუჯერებელია, მაგრამ ეს მოხდა. ეს იყო ნამდვილი სიყვარული. დღეს სად არის და-ძმას შორის ასეთი სიყვარული?

გაბრიელის სიტყვას დიდი ძალა ჰქონდა. ის რომ საუბრობდა, ფეხზე ვიდექი. ჯულიეტა, დაჯექი, მეტყოდა. ვასიკო, შენ რომ ლაპარაკობ, მე ვერ ვჯდები-მეთქი, ვეუბნებოდი. რაღაც ძალა მაყენებდა ფეხზე. მსგავსი ენერგია არავისგან მიგრძვნია.

უდიდესი ძალა და მადლი ვიგრძენი 2021 წლის 2 ნოემბერს (ღირსი მამა გაბრიელის ხსენების დღე). ტაძარში ყოფნის დროს ვფიქრობდი, ეს რა ხდება, ეს რა მადლი გადმოდის, ჰაერშიც მადლს ვგრძნობდი. აუხსნელ შეგრძნებას. ახლობლებთან ერთად დავდივარ ეკლესიაში დიდ დღესასწაულებზე და მათ ვკითხე, გოგოებო, იგრძენით, რა დიდი მადლი გადმოდის-მეთქი? ეს მოხუცი ქალი დავფრინავდი. დამიდასტურეს ვიგრძენითო. მერე მოძღვარი ჰყვებოდა, დავინახე ხალხიდან როგორ შემოვიდა ერთი ადამიანი საკურთხეველში, შეიმოსა და დარბოდა საკურთხევლიდან ტაძრის შუა გულში. შენ ვინ ხარო, ვკითხეო? მე "ციგანი ვარო", თქვაო. გაბრიელი იყო. წარმოგიდგენიათ, 2 ნოემბერს სამთავროს მონასტერში მამა გაბრიელმა ჩაატარა ლიტურგია! ჰაერიც სულ სხვანაირი იყო.

ნიკოლოზ ხომასურიძე: გაგვიხარდება თუ გახდებით ფილმის ქველმოქმედი და შემოქმედი. შეგვეწიოს ყველას მამა გაბრიელის მადლი და ძალა! ჩვენ დავიწყეთ ღირსი მამა გაბრიელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მხატვრული ფილმის გადაღების მზადება და ვისაც სურვილი გაქვთ, შემოგვიერთდით ამ უმნიშვნელოვანეს, კეთილ და ქართულ საქმეში! ღმერთი არის სიყვარული!

საბანკო ანგარიშები (კომპანია "ნიკოლოზფილმსი" / დანიშნულება - მამა გაბრიელის ფილმის მხარდაჭერა)

საქართველო:
#GE84BG0000000537400056

თიბისი:
#GE88TB7470536080100011

საერთაშორისო მხარდაჭერა საზღვარგარეთიდან:https://gofund.me/ff2b349c